- სიკვდილმისჯილის ფიქრები


სიკვდილმისჯილთა საკანში ვარ ( დღეს ბოლო დღეა ),
დავწერ და წავალ სიამაყით შევხვდები უფალს. 
არ ვიცი რა ვთქვა... სიცრუეში სიმართლის ტყვე ვარ, 
არ ვიცი რა ვთქვა ისეთი რაც არავის უთქვამს. 

ვუყურებ სხვებს და სიამაყით მევსება გული, 
არავის ვკარგავ, განსასჯელი პირველი მე ვარ. 
წუხელ მესიზმრა ცრემლიანი თვალები უფლის, 
წუხელ მესიზმრა ანგელოზთა ზეცაში ფრენა. 

სიკვდილს გვისჯიან! ( საკანში ვართ ამჟამად ოცნი ),
თმები მთლიანად გამითეთრდა ... ჯერ ხომ ბავშვი ვარ. 
დედის სურათებს ყოველ ღამე თვალებზე ვკოცნი, 
დეე... შენს სურათებს მე ხვალიდან ვინღა მომიტანს.

ვეღარ ვწერ იცი? ვინარჩუნებ ამაყ პირსახეს, 
რომ მე ვიღაცას ვუწილადე თუნდაც დღე ერთი.
მაინც არ ვკარგავ შემოჩვეულ ბავშვურ სილაღეს, 
ვცადე და მაინც ეს სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვი. 

სიკვდილს გვისჯიან... გადაწყვიტა ვიღაც უღმერთომ, 
დაგვაჩოქოს და გამორიყოს ჩვენიდან რწმენა. 
ვჩუმდებით, ახლა ვიღაცისთვის ვგავართ უენნოს,
ვჩუმდებით, რადგან არ ვაპირებთ სიცოცხლის ხვეწას. 

სიკვდილმისჯილთა საკანში ვართ, ( მთავრდება ეს დღეც ), 
ჩვენ ოცნი ახლა ერთმანეთის იმედით ვცხოვრობთ. 
დავგეგმეთ ღმერთთან მოხვედრით რომ მივიღებთ შედეგს 
და ჩვენი რწმენა სულ ყველა მკვლელს მოუღებს ბოლოს.

ვლოცულობ მე და ხვალინდელ დღეს ველი ძალიან, 
ყველა ოცნება გამწყდარ ძაფზე ლექსად კიდია. 
სულ დამავიწყდა ამ ცხოვრებამ ისე ამრია, 
რომ ჩვენ იქ ვინ ვართ სადაც ქრისტეს ვერცხლზე ყიდიან.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი