ოცნებების სასაფლაო


გზაზე ოცნებების სასაფლაო... იქვე მიმოყრილი მოლბერტები,
ვნებაშეყინული ქუჩები და ცოცხლად გარდაცვლილი პოეტები.
გზაზე ოცნებების სასაფლაო... ხატვას შეწირული ფერები და
ჩიტი ძველებურად აღარ გალობს... ჩიტებს ყვავ-ყორნები შერევია.

გზაზე დამსხვრეული იმედია - გრძელი ეკლიანი ბილიკებით,
მხოლოდ ნაგვის ურნებს შერჩენია ჩემი ყვითელგულა გვირილები.
გზაზე იმედები მოიხვეტა, ხიდიც ჩაუხერგვს დღეს ქარიშხალს,
თუკი ერთხელ მაინც შემომხედავ ჩუმად შემოგძახებ - მე რა მიშავს...

ბევრი არაფერი დამიკარგავს, ანდა რა გამაჩნდა დასაკარგი
თუკი ოცნებები დამივარდა, ვფიქრობ ქარს არასდროს გავატანდი.
მარტო მოვივლიდი გრძნობის ქუჩებს, მარტო გავკვალავდი გზას თოვლიანს,
ჩუმად დავკოცნიდი თვალებს ურჩებს და დარდს გავატანდი ცად თოლიას.

ხელში ბავშვურობა შევაჩეჩე დღეებს სიკვდილივით დარდიანებს,
მუხლზე არასოდეს დავცემოდი მუდამ მასწავლიდა მატიანე.
დღეს სხვა ჩემი სულის რას გაიგებს... ახლაც უაზრობებს მოვედები
ვისაც ვერასოდეს ვერ გაუგეს იყვნენ ცოცხლადმკვდარი პოეტები.

ვწერ და კალამივით მეც ვიცლები, სისხლი მაჯებიდან ლექსად წვეთავს,
ნუ მთხოვ! ვერასოდეს შევიცვლები და ნურც ნურასოდეს შემომხედავ.
მე იქ გავიზარდე სადაც ცოცხლად მოკლეს სიცოცხლისთვის მებრძოლები,
ყველა დაღამება გლოვას მოჰგავს და აქ ვერ ფასობენ ხელოვნები.

ციდან ჩამოვვარდი როგორც გუნდა, ცრემლით რომ მომერთო ბილიკები,
ნეტავ ერთხელ მაინც შემასუნთქა ჩემი ყვითელგულა გვირილები.
მტკივა უიმედო თვალები და მტკივა უპატრონო საფლავები,
ცოდვა ცოდვილ სხეულს თუ ავწიწკნე მერე უსათუოდ გადავრჩები.

გზაზე გაყინული სასაფლაო.... იქვე სისხლიანი მოლბერტები,
ხატვას მოწყვეტილი მხატვრები და ცოცხლად გარდაცვლილი პოეტები.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი