უხმო ქვითინი !..
მოდი დამტოვეთ ... არ ისმინოთ ჩემი ბოდვები მომიხსენიეთ როგორც გულქვა (ანდაც უგულო). მე მომაწერეთ თუ ისურვებთ თქვენი ცოდვებიც, ოღონდ ღვთის ღალატს ნუ დამწამებთ (თქვენთვის) ურწმუნოს. მოდი დამტოვეთ... ჩამიკეტეთ ყველა კარები, ჩუმი მზერაც კი არ შემავლოთ ასე ნაღვლიანს. სიცოცხლით სავსე უიმედო დღეებს ვაკვდები და ეს დღეები არც კი ვიცი საით წამიყვანს. დავტოვე სახლი... მივატოვე ვისაც ვუყვარდი, ალბათ ერთ დღესაც ვინანებ და გული დამწყდება, რომ ჩემი სულის ვერ აღმოვჩნდი თავად მკურნალი, რომ ჩემს ბავშვობას დავუკარგე ჩემთან მსგავსება. ვიყავი ლაღი... მღიმარი და თვალებციმციმა, ვიყავი მორცხვი როგორც ია მის ლურჯ კაბაში. ახლა კი რა ვთქვა... წიგნებმაც კი არა იციან რარიგ ძნელია სიცოცხლის წინ კვდომის თამაში. წყეულიმც იყოს ... ვყვირივარ და არ ესმის არვის, მაშინ როდესაც სხვის ჩურჩულსაც დიდი აქვს ძალა. სიჩუმის ფონზე ვიღაც დაჭრილ მხეცივით ბღავის და მე ამ ბღავილს მხრებით ნათრევ ტკივილად ვქარგავ. დადგა ის დრომ რომ ვეღარ ვუძლებ რითმებს საკუთარს გადავიღალე სხეულის და სულის ჭიდილით. ის დრო.. (ის ხანა... თუ ეპოქა) უკვე დასრულდა მე რომ შემეძლო კალმის ენით უხმო ქვითინი. წავალ და შენ გთხოვ... (ვინც ამ წერილს კითხულობ ლექსად) არ გიცნობ, მაგრამ მოგიწოდებ როგორც მეგობარს. ემსგავსე იმათ ღიმილით რომ სიხარულს ძერწავს და ცოდვილს (ჩემს სულს) სანკურნებლად ესეც ეყოფა. წავალ და მაინც... მერე რაა თუ ხვალ არ ვიქნები, მზე კვლავ დაგწვავს და ვერც ურჩ წვიმას დავაკლებ რამეს. გთხოვ მომიტევე აგირიე თუკი ფიქრები, ან შევახსენე ჩემი თავი მარტოსულ ღამეს. თუკი გსურს სხვასაც მოუყევი ჩემი ბოდვები, ჯანდაბას... ისევ გავუყვები კენტად ხეივანს. ვერც იგრძნობ ისე ლამაზად და წყნარად მოვკვდები ოღონდ ღვთის ღალატს ნუ დამწამებ სულით ღმერთიანს. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი