- სიზმრად პოეტები
წუხელ სიზმრად სამოთხეში ვიგრძენ თავი, ნამთვრალევი პოეტები შლიდნენ კარავს. იქვე იყვნენ სიყვარულის სენით მკვდარნი, ვინაც გრძნობა ცივ სამარეს მიაბარა. ბორგავდნენ და შვილმკვდარივით დარდიანნი მოიხსენეს ბოლო ჭიქით პოეტებმა. დამეხმარეთ ამ უცნაურ სიზმრის ახსნით, თორემ დარდი მთელ სხეულზე მომედება. წვერშიღიმილშემოპარულ გალაკტიონს, არ ადარდებს ფანჯარები რომ არ დარაზეს. ამ სიზმარმა სადაცაა გადამრიოს, ვერ ვიპოვე სიყვარული კამარაზე. მთელი ღამე ვდარაჯობდი ნაბახუსევს, მის მზერაში იპოვნიდით იისფერ თოვლს. ფიქრობს... მაგრამ მერის ლექსებს ვეღარ უწერს, უპასუხო გრძნობის პასუხს აღარა სთხოვს. რუსთაველი მარტოდ მარტო იჯდა კენტად, მის თვალებში თამარ მეფის სჩანდა ლანდი. ის იწამა სიცოცხლეში თავის ღმერთად და ახლა კი ობოლივით მარტო დადის. ტიციანის გვერდით ვხედავ დიდ გელოვანს, გულის ჯიბით კვლავ იები დააქვს ჭაბუკს. სიცოცხლეში მირზას ვინაც სულ ეტრფოდა, სწორედ მას სთხოვს რომ ნუ მიწერს რადგან არ სურს. რადგან მასთან სხვანაირი არის დილა, ბრძოლის ნისლში გახვეული - სუნით სისხლის. ფრონტშიც წერდა, ბარათებს კი ყუთში ყრიდა და ეს ყუთი დაუტოვა განძათ თბილისს. ისევ მიდის ტიციანი ანანურთან, გალაკტიონს ისევ უწერს ფრაგმენტებს. ალბათ ახლა დამცინით ან ბრაზი მოგდით, რომ ბევრს ვაკლებ, მაგრამ არას ვამეტებ. ლეონიძე კვლავ პაემანს ელის უცხოს, ყივჩაღები კვლავ სინჯავენ იარაღს. ყორღანებში ჩამოფრინდა გნოლი უფრთო, მაგრამ ვერა... ვერა დააზიანა. ბატონ მუხრანს ჩაფიქრებულს ჩაეძინა, ცხვირწინ ედო ფურცლები და მელანი. ბარათაშვილს ვერ შევუშრე ცრემლების ზღვა, კვლავ მიაფრენს უგზო-უკვლოდ მერანი. ალექსანდრე ჭავჭავაძე მდუმრად იჯდა, სიყვარულის ქარ-ცეცხლში სურს ხარობდეს. ეს სიზმარი როგორ მოვყვე ღმერთო მითხარ, სიტყვად გრძნობა ზუსტად როგორ გადმოვცე. ხაიამი რობაიებს გვიწერს დინჯად, წვეთსაც არ სვამს... უნდა მუდამ ფხიზლობდეს. ვერ მოვასწარ ცხოვრებაში ვისი ხილვაც, სიზმრად ვნახე... სხვა რაუნდა მინდოდეს. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი