- გავგიჟებულვარ ...


მე ერთ დღეს მოვალ შემოქექილ -
გამცვდარ ძაძებით,
გზა-გზა დაგიკრეფ თვალჟუჟუნა,
ლამაზ ლიანებს.
-გაგიჟებულა!
იტყვი ჩემზე ფეხის არევით
და დაივიწყებ ღმერთის ნაცვლად
 შენ რომ გიწამე.

მეყრება შავი (გიშერივით) გრძელი თმა წელზე,
თვალები - მწვანე,
დაღლილი და უსიტყვო მზერით.
წიგნში რომელშიც არ წერიხარ
დღედაღამ გეძებ,
ყველა წერტილის დანახვამდე 
შენს ხილვას ველი.

გეძებ და ასე ყვავილებით 
დავდივარ გზა-გზა,
შენ კვლავ დამთვრალხარ -
მომიტანეს ფოთლებმა ჭორი,
რომ თურმე უბით უსახლკარო ბეღურა დაგყავს,
რომ თურმე ვერც შენ გაუძელი უვადო ლოდინს.

მეც მოვალ ერთ დღეს -
კარგად შეკრულ დახეულ თავშლით,
დავმალავ თმებს და თოვლის ფიფქებს 
მოგიტან მხრებით.
თუნდაც მე ვიყო მაცდური და ის ევას ვაშლი
ადამს რომ ჩუმად შეაჭამა საკუთარ ხელით.

მოგიტან სითბოს...
დამაბრალო თუნდაც სიგიჟე,
თუნდაც შეასკდეს მწარე სევდა 
სულის ნაპირებს.
პირველ თოვლილით სუფთა ვარ და თუ ვერ მიმიღე,
ზღვებიც რომ დაშრეს წმინდა გრძნობას ვერსად წავიღებ.

გავბედავ !
(მოვალ დროისაგან გამცვდარ ძაძებით),
იმედით სავსე დავაპირებ გრძნობის გამხელას.
-გაგიჟებულხარ,
გაიღიმებ ფეხის არევით
და ეგ ღიმილი სამუდამოდ ჩემში დარჩება.	

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი