- ღიმილი კი ჩემივე შობა


სიბნელე სრული...
მთვარის შუქზე გიწამე ღმერთად,
ქალაქი უცხო - მხოლოდ ცა გვაქვს ახლა საერთო.
თამბაქოს კვამლში მერამდენე თეთრ ღამეს ვძერწავ,
და მერამდენედ ჩაგისუნთქე შენ რომ გაგეგო -

თვალებს დახრიდი მიწისაკენ როგორც გჩვევია,
ტუჩის კუთხეებს დააჩენდი ციცქნა ნაოჭებს.
ინტერესი მკლავს ჯოჯოხეთი უფრო მეტია,
თუ ის ტკივილი - დღე და ღამე როგორ მაორებს.

დღისით მშვიდი ვარ...
ყველგან გმალავ (თითქოს არც იყო),
ღამით  იმ შეშლილს ვემსგავსები ვისაც უფრთხიან.
ისე ხმამაღლა ჩაგისუნთქე მთებმა გაიგო,
რომ ეს საღამოც ძილისათვის ძლიერ ფუჭია.

გაუბედავად... ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვიხსენებ კადრებს,
ცისფერი მზერა (მახსოვს მასში დაკარგვა მსურდა).
ჩემს ფიქრებს ახლა დედამიწა შვილივით არწევს,
გაღმერთებ, 
მაგრამ ღმერთი არ ხარ გახსოვდეს მუდამ!..

ახლა უამრავ კილომეტრის სიშორით ვწევარ,
კედელს ვუცქერ და მელანივით მეცლება გრძნობა.
შენი თვალები (მათზე ფიქრს რომ თამამად ვბედავ),
ჩემი ჯვარცმაა, ღიმილი კი ჩემივე შობა.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი