- ზეცის პოეზია


ზეცის პოეზია ცრემლებია,
ხალხმა წვიმის სახით რომ შეიცნო.
როგორც პოეტები ნებდებიან,
სწორედ ისე მინდა რომ შეგიგრძნო.

ანუ არასოდეს მიგატოვო,
ანუ შეგიყვარო სიკვდილამდე.
თუკი წავედი რომ ვიმარტოვო,
მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მიწამე.

მხოლოდ იმიტომ, რომ არა სჩანდა,
ჩემში მოწყენის და სევდის მეტი.
მხოლოდ იმიტომ, რომ არ გააჩნდათ,
გუგებს შენს თვალებში ჩემი ღმერთი.

დროს და ემოცია დარდიანებს,
სულ მთლად წაეშალათ იმედები.
ყოფას თუ ტკივილი ატრიალებს,
მე ამ ტკივილებით ვიკვებები.

ზეცის პოეზია სევდიანობს,
ქალაქს დასტირის და მე კვლავ ვუმზერ.
ასე შორს მყოფო და ჩემიანო,
მიკვირს ამ ყველაფერს როგორ უძლებ.

შენთვის კვლავ თეთრია მორცხვი დილა,
ჩემთვის უკუნი და რითმგაცლილი.
წუხელ იქუხა და დღესაც წვიმდა,
მე კი სხვის სურნელზე ვერ გაგცვლიდი.

რტოებს სიმორცხვისგან თავდახრილებს,
თითქოს წმინდა გრძნობა არა სცმიათ.
თუკი სიმარტოვე დააპირე 
გეტყვი _ არასოდეს დაგაცდიან.

რადგან შავ ლაქებად ყველა ცოდვას,
სუფთა ფურცლებზეაც დაგიჩენენ.
რადგან არაფხიზელ ყველა ბოდვას,
ყელში ბაწარივით წაგიჭერენ.

ჩემში შენი ღმერთი დღემდე ბუდობს,
დღემდე შენს ხატებას ვუნთებ სანთლებს.
როგორ დავუჯერო თვალებს უნდოს,
როცა ეგ ღიმილი სუნთქვას მართმევს.

თუკი არ გამოვა სიმარტოვე
და მეც უსაშველოდ გვიან ვიყავ.
მაინც ნურასოდეს მიმატოვებ,
მაინც ნურასოდეს ნუ გამრიყავ.

გზაზე რაც ყვავილთა ედემია მინდა რომ არასდროს არ მაკმარო.
ზეცის პოეზია ცრემლებია - ჩემი პოეზია სასაფლაო.

ავტორი: ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი