წყვდიადი სოფლის მილულავს თვალებს
ღრუბელთ ნაკადი წრიალებს ცაზე, სოფელს სურნელი აუდის წვიმის. ქარმა დაჰბერა ფიქრის წამწამზე, განცდის მახვილი ბურუსში წივის. განგებამ თითქოს რაღაც მანიშნა, გადაუღებლად წვიმდა და ქუხდა. ფიქრებში წასულს ცრემლი დამიშრა, ქარი აკვნესებს ცაცხვნარს და მუხნარს. ბებერი მუხის ნაწრთობი ხვნეშა, მიწის გულმკერდის ზესკნელზე მარწევს. ღიმშემშრალ სოფლის სიფითრეს ვხედავ, დუმილის ეტლი ასკდება სარკმელს. თვალების უპე მევსება ცრემლით. თავს დაჰყარყატებს კერიას წერო. ვღონდები ბაბუს მრავლისმთქმელ მზერით, მზის სხივი ტორავს მიმწუხრის ჩეროს. გამოკრთა სხივი მყოფადის წამით, მრწამსმა ჩანაცრა შფოთის ურდული. გადასწვდეს გუმბათს უტყვი ხმა ლამის, თრთიან სანთლები ფრთა შერუჯული. წყვდიადი სოფლის მილულავს თვალებს, შრიალა ხეებს ცის ცრემლი განბანს. მოვტაცებ წამით იდუმალ ალერსს, მწვანე თავშალში მომღიმარ მთა-ბარს. ლაღი წარსულის ცხოველი სევდა, სოფლის ვარამის ვერ გახდა გერი. ამაყი დარდით იმ ცაცხვის ხესთან, აცრემლებული ვდგავარ და ვმღერი. დათო არახამია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი