კვლავ ჩხერიმელა


წინაპართ ძვლების ჩურჩულის ექო,
მთებს რომ ეხვევა ყელზე ნისლივით,
თვალს გადავავლებ სერსა და ბექობს,
ციმციმ შევითბობ გულბოყვს დილის მზით.

ფესვებს იმაგრებს რცხილა, ურთხმელი,
წელს ანარნარებს იელი, შქერი.
საუკუნეთა ნაჩუქურთმევი
ამაყად გვიმზერს ბებერი ჩხერი.

აღტკინებულმა ამ სისხამ დილით
ლაჟვარდს სტრიქონი რომ შევახამე,
დაობლებული ვარსკვლავი ტირის,
აჩრდილთ მფარველობს ციხე ვახანე.

ზეშთაგონების ტალღას მივენდე
გაყურსულია დღეს დევის ხვრელა,
ღვთისმშობლის მზეა კიდით-კიდემდე
კალაპოტს სერავს, კვლავ, ჩხერიმელა.

შხუილის ექო ზარებად რეკენ,
ნაპირს გავექეც ვნებააშლილი,
სიყვარულის და სიცოცხლის მეკვლედ
წამომეშველა დევის აჩრდილი.

დათო არახამია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი