სული ზეცაში სუნთქავს
მთებზე დევს დაისის ბინდი, ღამეა უმთვარო. მკვდრულ სიჩუმეში ციური სული ვარსკვლავეთს უვლის გარშემო, მონატრებია ზეცის სუნთქვა ვარსკვლავთა ფერით. ჰყვავის ჰორიზონტზე წყვდიადი. ფიქრის ველზე სიმარტოვის ნიჟარის ჭერქვეშ იყალყება ჩუმი ძახილი სიბნელის ფსკერზე მიმოფანტული. აფეთქდა ბნელეთის ჭურვი, მთვლემარ გზებზე ბინდის მდინარე მოჩქეფს. უკუნეთის ველზე გაუჩინარებულ ვარსკვლავთა ნატერფალებს მივყვები სივრცეში მგლოვიარე დღესასწაულზე, რომლის უღრანების ქვაბულში წუხილის ზღვით გადარეცხილ გორაკებზე დავიდე ბინა, კოსმიურ ღორღით ნაფარი ჭალების გაღმა ვარსკვლავეთის მარადიულ კედელთა შორის. მდუმარე ფიქრის კარმიდამოში დარდის კარავს ვშლი, ვცდილობ ამოვხსნა მიწის და ზეცის საიდუმლო. შორს მჭვრეტელი მზერა მიაპობს ბინდის ფარდა აფარებულ სივრცის მრუმე კედლებს, იმედის ნაპერწკლის ფრქვევით. ღვთიური ხმა კი, როგორც სიცოცხლის საგალობელი ყვავილობს მიწაზე გონება მრწამსს წნეხავს, რომ გულში სიცოცხლის ძარღვად იფეთქოს და ცხოვრების ზღვის მღელვარ ტალღას შეუერთდეს ვარსკვლავებთან სასაუბროდ. მრისხანე სახით მზირალი დუმილით მივაცილებ დარდის საგზალ აკიდებულ მაწანწალა ღამის აჩრდილებს, ფლოქვთა თქარუნით გადაიარეს უკუნის ხერხემალი. მირაჟებიდან დამყურებს თვალცრემლიანი ბებერი მთვარე. ბინდის ველებს გაფოთლილი განთიადის კამკამა ფრთები გადაეფარა, მნათის ეკლებზე ჩამოიფლითა ღამე. წყვდიადის ოკეანეში ზმანების ხიდზე უფლის ნათელი ანთია, საოცარ ძალით გაცეცხლდა დილა, ღამე ჩემს თვალწინ ბოლავს. თრთოლვით წამოდგა დღე. დასრულდა ზმანება, შიში, წვა და მოლოდინი, ღვთიურ გერგილით გალობს ბულბულიც, სული ზეცაში სუნთქავს, შთაგონებული გავყურებ ნაზმანებ არეს, გაწბილდა მიწა. დათო არახამია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი