წარსულში ბორგავს
უხილავ ჟამის ხმა მესმის ფიქრით გადახრუკულ ველებიდან. მივემართები შესახვედრად ქუფრეულ სიშორეში, თუმცა ვერ ვხედავ. ვიწყებ ძებნას, ვეძებ მიწაზე, ცაში, ღრუბლებში. იქნებ ხსოვნის ლანდია გონებაში ჩარჩენილი? მივაყურადე უხილავ შორეთს იქ საიდანაც ხმა ისმის, ხმა ხვნის, თესვის, გუთნისდედის თბილი ღიღინის. ავუხილე თვალები სევდას, გამოვეკიდე ხსოვნის ტრამალებს წინაპართ აჩრდილებით დანაღმულ და სისხლის წვეთებით დაწინწკლულ ველზე, წინ მეღობება ხსოვნის სამეფო, სადაც ლოდებზე ამოტვიფრული ჯვრების ლაშქარი ცახცახებს. ცას შევყურებ ჟამის დაცხრილულ ჭერქვეშ, იწურება ცრემლის ჩამონაღვენთი ენარცხება შიშის ლოდებს და გმინვა სისხლისფერ ჟანგად ედება წარსულის ფეხის ხმას გალეულ ხმლების წკაპანში. კვნესა ჩამესმის სიცოცხლის ცეცხლში დამწვრების, ფერფლად ქცეულების, სტუმრად მოსული მტრის ჩექმით ჩამქრალი კერის, მაწუხებს ტკივილი, მტკივა და განვიცდი. ძვლების ნათელი თუ განკურნავს ჩემს იარებს მიმწუხრის წიაღ. ვდუმვარ ჩემს ნიჟარაში ჩაკეტილი, თვალებიდან მოგორავს ცრემლი, მზარავს ჟანგმოდებულ ჟამზე ფიქრი. მივდევ მთაგორებს, მიმაცილებს მწუხრის ქოჩორგადაფარებული სიჩუმის ნიჟარის აჩრდილი. გადავდივართ ველებს, ხრამებს, თითქოს ხერხემალი ემსხვრევა ისე ხრაჭუნებს წარმოსახვიდან რეალობაზე გასასვლელი გზა. ბეწვზე ჰკიდია ბედის სასწორი და მაინც ვეძებ დროს ჩემს უღრანებში, ყრმობის მდინარეებში, შვლის ნუკრის ნაჩლიქარში, სადაც ეულად ჭკნება მინდვრის ყვავილი. მდორედ მოიზლაზნება მოლოდინის ცა, ფიქრის ფესვი ქვესკნელისკენ მიეშურება უკან მომდევს ფოთოლცვენის ლანდი. ვბერდები ვარსკვლავთა შორის ხეტიალში. სევდის კბილებით ვხერხავ უძილო ღამეს, მახსოვრობის გადაღმა ბერდება ხსოვნაც და მაინც ვეძებ მიწაში, ცაზე, ღრუბლებში დროს რომელიც კვდება. ღამე ფიქრში გადატყდა, მწუხარე სიშორეებზე გაფენილ დროის სამრეკლოებს აცხრება მნათე, თვლემს აწმყო, წარსულში ბორგავს ჯვარცმული იმედი. დათო არახამია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი