ჟამიდან ჟამში
უკუნმა მოიცვა გარინდული სივრცე, დამუქდა ზეცა. ირგვლივ არაფერი ჩანს, მხოლოდ მთიდან დაშვებული მდინარის ჩქერი არღვევს ღამის მდუმარებას. წყალში ლოდებიც გასუსულან. ქვებზე ანთია წყლის ლივლივში კუნაპეტიდან გამოღწეული მთვარის ფერმკრთალი შუქი, რომელიც მეფობს და ლაღად გაჰყურებს ღამის ჰორიზონტს. ვუსმენ მდინარის კისკისს ლოდებზე და ვუმზერ მოლიცლიცე ქვებზე წყლის ცეკვას შხეფის ხმაურში. ასე მგონია თითქოს არაერთხელ მინახავს იგი. ქარბუქის კვნესა მესმა ხრამიდან. სევდა მოგვრილს ამერია გზა-კვალი. გულზე მედება ცეცხლი, საწიერზე ცის თაღებიდან ნაღვენთი ღვთიურ ცის ცრემლის წანწკარის ხმა მიმაცილებს ოცნების ზღურბლზე სადღაც შორეთში, არ მაკრთობს მისი ჩქერი. ხეების შრიალში ჩემსკენ მოჰყავს ნიავს ფოთლები ფარფატით, არააქვთ ფოთლებს მწვანე ხასხასა ფერი, დრომ შეღება ყვითლად. ჟამი მთა-ბარს გიშერში ახვევს და შემოდგომა ოქროში ცურავს. მზის მდუმარებაში ღვივის მწუხრის ქარი, მთვარის სხივიც გაბაცდა და თეთრ ლოდად იქცა. ფიქრი ლოდების თავზე ატორტმანებს ზამთრის ქათქათა სულს. ყვითელი ტყე თეთრი ყაბალახითაა შემოსილ-დამშვენებული. ტალღებად დაგრაგნილ მთებზე თოვლის ფიფქები ბზინავს. ფრთაგაშლილ ქარში ველებს მიჰკივის თოვლის სიჩუმე. მთებზე გადმოდგა განთიადი, ბინდბუნდი გაქრა, გუმბათებს ეცვალა ფერი. ტყე აშრიალდა, გათენდა კიდეც. სივრცეში მიცურავს ფოთლებდახრილი, შემოძარცული, ცისაკენ მზერააწვდილი ფიქრი. არ უფრთხის უფსკრულს და ხრამებს, არ ეშინია მწუხარს მწუხარების. გალაქტიკის უხილავ სიღრმიდან ტყეებს მზის სხივი შემოეხვია, თოვლის სილურჯე აცრემლდა, წვეთები მძივებად დაეკიდა ხეთა რტოებს, თითქოს ტირის სიამით მთვრალი და მისი სუნთქვა მრწამსის ბაგეზე კვნესის, კანკალებს, ჟამიდან ჟამში. დათო არახამია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი