დროის სტუმარი
ღმერთს ვავედრებ მუხლმოდრეკილი ცოდვილი, რომ ჩემს მომავალს ჩემივე სიჭაბუკეზე ველაპარაკო, რომელიც ვერასოდეს დაბრუნდება, რადგან წარსულის მზემ დიდი ხანია დაწვა და ჩანაცრა ოცნებათა კარავი ჟამის ნაფოტების კოცონზე. მწუხრის ვარსკვლავმა ღამის თაღქვეშ გარდასული სინანულის ცეცხლი დაანთო. ალმაღალ ცეცხლის ნათელში ფიქრის ქარმა ახვეტა წარსულის ფერფლი ცოდვების ღველფიდან და მომსდევს მტირალ ბავშვივით ჯავრის ტრიალ მინდორზე, რომ გამაქროლოს ხსოვნის ჩრდილებთან საალერსოდ. შრიალებს მწუხრის ქარი, ფიქრით დაღლილ თვალებს ახრჩობს ცრემლების ღელე. დარდმა წაიღო მოლოდინით დაცრეცილი გული, მაჯას მისინჯავს ბებერ მთრთოლვარ ხელებით ტკივილთმენის სხივის სუნთქვა, კვნესაში ვსრულდები. როკავს მოლოდინის ზარი, გავყურებ იმ ცას და ამ მიწას, ხსოვნიდან მიტევს წარსული, შემოანგრია ფიქრის კარი, მომავლის ტოტი მოწყენას ისხავს, მე კი ვდგავარ შუაში და საკუთარ თავს ვტუქსავ, რომ ვერ დავენაყე სატკივარს წამლად, ოცდამეერთეს ზვარაკი. ვდგავარ განმარტოებით დროის სტუმარი ღმერთთან მოღაღანე ლოდინის ღია კარებში ატუზული, თუმცა იქ ჩამქრალან სასანთლენი. ხმა მესმა ჟამის გუმბათებიდან მოქცეულ ლანდთა ქვითინის, შეშინებულმა ჩემივ თავი ჩავიკარ უბეში. ამ ცის და მზის ქვეშ საკუთარ ნიჟარის ფსკერზე ველოდები ღვთიურ განთიადს, რომ მანათობლის ფრთები შემახოს და მომირჩინოს შიში დარდის, რადგან ვერა და ვერ გავაბი სიმი მომავლიდან წარსულში, რომ მესაუბრა საკუთარ სიჭაბუკესთან. ვედრების ვარსკვლავმა გაშალა მწუხრის კიბე ცის სარკმლიდან მრწამსის თვალი იმზირება და ჟამის ნაფოტების კოცონზე აკივლებულ წითლად ბრდღვიალა ყაყაჩოთა ცხელ შუბლზე დუმილს ხატავს, ჩემივ ტკივილის ტკივილი მტკივა. დათო არახამია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი