ეჰ, როგორ მსურდა
განთიადისას წეროსავით კისერაწვდილი ფიქრთა ქარავანი დამესხა თავზე და სადღაც შორეთში გამიტაცა ზღვის ფერი ოცნებებით. მსურდა ფეხშიშველს დამერბინა მთა-ბარი და ეზო-ყურე, თორემ ვინ იცის ხვალზეგ რა მომელის. ნააკვნარს კი აშორდეს გვალვა და სეტყვა, ავთა ქართა რისხვა ზუზუნი. მთებში ისმას ყიჟინა ცხენგაქაფულის და მიარღვევდნენ მკერდგაღეღილი მხედრები ჭალას. მე კი საძოვარზე გამერეკა ძროხა, კამეჩი და მეცქირა, როგორ აშრობს ლორთქო ბალახს თაკარა მზე. ძველთაძველ ოდას თავზე ედგას ჩერო ჩინართა. ჩუქურთმებიანი მაღალი კედლის სარკმლიდან აღელვებული, შეშფოთებით ვუმზირო მთვარეს, რომ ვისაუბრო წარსულის ბაღში იმ ძველ სატრფოსთან, რომლის მიმართ ჩემს ოცნებას არ ჩაუვლია ცუდად, ჟამთასვლის მერე მის მკერდზე შეუმჩნევლად გაჩენილ ბორცვებზე, რომლითაც დარცხვენილი მალავდა მუდამ. მსურდა მენახა მხრებში ამაღლებული, დაქალებული და მაინც ნაზი ტანლერწამა მშვიდ სახეზე ღიმილგაჩაღებული მისი არსება, დაკოდილ გულზე დასალეწავად და ამ სცენის მხილველთ აივანზე ექოთქოთათ ყვავილთ ქოთნებს, რომ მწუხარ გზაზე მასთან ალერსის ბრწყინვალება დაუცხრომელ სინათლეს აფრქვევდეს სიხარულისას. რა ბევრი ვიგრძენი და რა ცოტა შევძელი მეთქვა, განა სიტყვათა სინატიფით ან დალაგებით, არამედ გაბედულებით, გულწრფელობით, სიბრძ ნით. დღეს როცა სახვალიო გამეხსნა სევდა, დარდი ასკდება უხიულავ კედლებს.ვდგავარ დაღვრემილი,თავჩაქინდრული სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. წუთისოფლის მგზავრმა უნებლიედ ჩაუქროლე აზრის ბორანს, რადგან საუკუნეც მეჩვენება მოკლედ. ვტოვებ სააქაოს ყრმობის დღეთა სინათლით სავსეს. ეჰ, როგორ მსურდა მის თბილ კალთაში თავის ჩადება, ჩაფიქრება და გარინდება, რათა ყური მეგდო უზენაესისთვის სულის და სინდისის დასამშვიდებლად. ზენამ რაც კი მასწავლა და შთამაგონა აღარ მაშინებს, ვიცი, მჯერა და მწამს, თვით სიკვდილიც არ დამაღონებს. რადგანაც, როცა მოვკვდები მსურს სიკვდილი სიცოცხლეს გავდეს,რომ კვალი დარჩეს კეთილ საქმის უკუნისამდე. დათო არახამია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი