გონი აკვნესდა
ვარსკვლავეთის უდაბნოების მწუხრში წევს ჩემი ხსოვნის სამყარო. ჯერაც არ ვიცი რას ველოდები ჟამთა გაღმიდან, სადაც ქარიშხლად გაფენილა სულის ექო. ერთმანეთს შერევიან შორეულ განწირულთა სისხლი და ცრემლი, რომელიც ტკივილის ფესვებით მიწისქვეშა ხეობებში მოიკლაკნება. თავს დამფარფატებს ქართა ჩურჩულში წარმავალი ჟამის ამარა ხმამაღალი ფიქრი და ვით წყალწაღებული მივტივტივებ დროის ზედაპირზე. ტვინში გროვდება შურისძიებათა მდინარის წამლეკავი მრისხანება წყვდიადის ჭერქვეშ. სივრცეს ლიბრი განმგებლობს, არავინ არ ჩანს საწიერზე დაარხიოს ჟამის მდუმარებაში ფიქრის შემცბარი ტოტი, სდუმს ჰორიზონტი. ჟამიდან ჟამის უშორეს გზაზე მოხეტიალე ძილბურანში ვარ, მაღვიძებს დუმილის ტყის უეცარი შრიალი სიფხიზლის გამოქვაბულთან ციურ ვარსკვლავთა გზააბნეულ ლანდის წინაშე. თვალებ მილულული მზერას ვაპყრობ ღრუბლებში გარინდებულ დროის ქედებს. თქრიალებს მოლოდინის წვიმა. ღვთაებრივ მუსიკის ჰანგზე ვკრეფ სიმარტოვის ყვავილს. ღამის ბურუსში ვუთვალთვალებ ლამაზ სიზმრებს ძილის ჭუჭრუტანიდან. სიზმრის ტრამალზე გონი აკვნესდა, პლანეტების ქარბუქი მიტევს, ამაოდ ვებრძვი, ავიკარი გუდა-ნაბადი, საკუთარ ჩრდილს მივაცილებ გლოვის თაღებში. სანთელს ვანთებ, ჩემს წინ ჟამია გარდაცვლილი. დათო არახამია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი