თუთა


წამით ქუჩაში მომიცვა,
აზრმა დაძრულმა გულისკენ,
ჩემს ეზოს ახსოვს ორი ძმა,
თეთრი და შავი თუთის ხე.
რადგან ნაფიქრი მიმეტებს,
დავაშავებდი, არ მეთქვა,
გვქონდა საერთო სიკეთე
მეზობლებს თუთის დაბერტყვა.
განა გვინდოდა მთლიანად,
გულს ვიხარებდით მცირედით
და მხოლოდ თუთას კი არა,
სიყვარულს ვინაწილებდით.
მახსოვს რამდენჯერ შეგვკრიბა,
დაგვმალა - შემოგვარბინა,
ტოტებზე აშენებულმა
ჩემი ბავშვობის შტაბ-ბინამ.
ავაგდეთ ბედის მონეტა,
იყო აზარტი ამაში,
ვწუხვარ, მათ ჩრდილში რომ მეტად
ვერ მოვასწარი თამაში.
თვალი ხედავდა სხვაგვარად,
ღამით წაკითხულ ოლივერს,
დრომ თავის სისხლი დაღვარა,
როცა მოვჭერით ორივე
დამშვიდობების გარეშე,
სანთლად ჩამოდნა ტაძართან,
ამ პაწაწინა ეზოში,
რამდენი ბავშვი გაზარდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი