გიორგობა


გრიგალად ისმის ქარის ფაჩუნი, 
მტკვრის აქეთა თუ ლიახვის იქით,  
მივდივარ ფიქრებამოჩაჩული 
გორიჯვრისაკენ სადგურის ხიდით.

მთასვლელის მზერით გავყურებ აღმართს, 
პატარაა და მწვერვალის ტოლი, 
ღმერთო, რარიგად უხდება ახლა 
თრიალეთს ღამით მოსული თოვლი.

ტაძარს წყალობა მიჰყვება ღვთისა, 
ფერდობს - ურწმუნო მლოცველთა რიგი, 
იქიდან როგორ ახლოა მიწა, 
მიწიდან როგორ შორია იგი.

შესასვლელს ცხვრების ტირილი ღობავს,
ტირილს - სამსხვერპლოდ მოსული მრევლი, 
თუ შესაძლოა გტკიოდეს ცოტა, 
ხომ შეიძლება გიყვარდეს ბევრი?!

სისხლი მოდის და სისხლი არ არი, 
ცრემლი მოდის და ცრემლი არ არი, 
რა უნდა იგრძნოს ამაზე მეტი
სულმა დამზრალი და შემზარავი?!
სალოცავიდან გამოდის სითბო,
სურნელი ღმერთის და ცოტა სანთლის, 
როგორ ძნელია შენადვე იყო, 
შენ სახლში იყო, შენში კი - სახლი.

ქვემოთ დაშვება უფრო რთულია, 
ვფიქრობ და გულში მძლავრობს ზამთარი, 
რამდენი მუჭა სიყვარულია 
მთიდან ქალაქში ჩამოსატანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი