დგება გედისთვის ცეკვის მომენტი


*  *

დგება გედისთვის ცეკვის მომენტი
და ეგუება სახეც ნაოჭებს,
ცარიელია ჭიქა ყოველთვის,
რაღაცა მაინც თუ არ გაოცებს.

ორივე მხარე მოჩანს მონეტის,
თუ ხელის გულზე რჩება სიმართლე,
ვერ ავა ცისკენ ფრანი ყოველთვის,
რაღაცა მაინც თუ არ ინატრე.

რამდენი ფიფქი ჩამოვარდება,
რომ დაითვალო ჩუმად ასამდე,
ვენახი როგორ გაიმართება,
რაღაცა გულში თუ არ გაზარდე?!

რჩება ჯიბეში ერთი სურათი,
ვერ აიფარებს თვალი სიყალბეს
და ყველაფერი არის სულერთი,
ვიღაცა მაინც რომ არ გიყვარდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი