მინდვის ყვავილი
მინდვრის ყვავილო, შენც ხომ ზაფხულის თვალს არ გჭრის უხვი მზე და დიდება და ქარიშხალიც, იმ გაზაფხულის, არ გემეტება დასავიწყებლად. არ გინატრია შენც ხომ ვერსალის ბაღის ამინდებს ჰყოლოდი მძევლად და ამოსული გზად ნარ-ეკალში ბევრჯერ წასულხარ ბედის საძებნად. არ გიმზერია სეტყვა სარკმლიდან ელვა იყო თუ ქარი გდევნიდა, თავს გადახდენილ ყველა წარღვნიდან დაბრუნდი, როგორც ახალ ქვეყნიდან. არავინ იცის შენი სახელიც - ბაღს მოფენილი ია-ვარდივით, მაინც არა ხარ სახლის ყვავილი და ერთნაირიც არ გაქვს ამინდი. მოყევი ნიავს რომელ მხარიდან, დანამდვილებით ხარ თუ არცა ხარ, უჩინმაჩინის ქუდი გახურავს, ყველას არ ძალუძს შენი დანახვა. ან მთვარის შუქზე ვისთვის იწვოდი, ვინ გითეთრებდა დარდით გარიჟრაჟს, აღარც იმ ნიავს ეცოდინება, რომ გადაგექცა ერთ დღეს ქარიშხლად. მაინც ხომ სულ სხვა იყო აპრილის ქარტეხილიც და დართა სიამეც, ყველა ამინდი იყო ნამდვილი, რაც გაზაფხულზე გამოიარე. მეც გულში შენი სევდა მიტირის, ვერ მიმღვრევს თვალს სხვა წყალთა დინება და გამოზრდილი გულში ტკივილიც არ მემეტება დასავიწყებლად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი