პირველი სიყვარული
აცილებ როგორც გადამფრენ ფრინველს, სანახებისკენ სხვა ცის და მიწის, როგორ უხდება სიყვარულს პირველს გულანთებული წყვილების ფიცი... რომ მხოლოდ ქოხიც გაცხოვრებს ისლის სულ ცოტა ნისლით და მზის არილით, რომ სიცოცხლესაც გაიღებ მისთვის, რამე წვრილმანი სახსოვარივით... და ვარსკვლავეთთან ზიარ ნიშნობას თან ჟრუანტელის ახლავს მხევლები და ფიცს იბარებს იმ წამს ბავშვობა ვით საქორწინო საკურთხეველი... აქვს ყველა სიტყვაც, მოწმეს იდუმალს სიმართლის ოქროს წყალით ნაფერი, ის ქარაფშუტა მესაიდუმლე ვითომ ბევრის და არც არაფერის... მას შემდეგ, თითქოს თავად ავსულთა დახლართეს ჩვენი ბედ-იღბლის ნართი, რადგან ძვირფასო, მერე ასრულდა რაც სიტყვებს შორის დარჩა და არ ვთქვით.. შენი ფიცი და ჩემი უარიც - ( ვით ორლესული ხმალი ვერსალის), თურმე ორივე იყო ტყუილი მაშინ რომ ჟღერდა სიმართლესავით... შემოიკიდეს ყინვებმა ცეცხლი, შეიბა ზეცის კიდემაც კარი, არც მე შემაშრა დიდი ხნით ცრემლი და ვერც შენ თავი ვერ მოიკალი.. თვალებში მაყრის სარკის ნამსხვრევებს კვლავ დედოფალი,- ავი ზამთარი და უძლური ვარ, ვიყო მას მერე, იმ ტყუილივით ალალმართალი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი