„Library for the village!“
ვეძებ გზას, რომელიც სახლში მიმიყვანს. ვეძებ საკუთარ ანარეკლს მას შემდეგ, რაც ასე შევიყვარე იგი, ანუ გავაქციე. ვეძებ ტაძრებში ჩაკეტილ უფლის სამყოფელს, ფეხის წვერებზე შემდგარი, გაცეცებული თვალებითა და ეჭვიანი გულით ,და,ვიცი, მპოვნელი არ ვარ არაფრის. ვეძებ ბებოს, ვერცხლისფერ თმაში სინათლის წელიწადებს მონდომებით რომ ვუთვლიდი და ახლა სიშორეს ძვლებით დავატარებ. ვეძებ სამშობლოს, ბულბულის ასპარეზს, როცა ღვთისმშობელი მშობლის სითბოს ატანს ნინოს და მას მერე გამიხდა ტვინი ანგელოზებრივი, ანუ ქართუელი მეწოდა. ვეძებ.... ვეძებ.... ვეძებ საკუთარ თავს, ორ კოსმოსს შორის შეყოვნებულს, ფანჯრის მინის ანარეკლს ვემალები და ზურგის ტვინით ვიწყებ აზროვნებას. ვებრძვი მელანქოლიას, ვეძებ მელანს, ქლიავისფრად რომ წავიცხო შუბლზე თითო ბწკარი რული. სიხა-რბეს ჰგავს სურვილები, ელე იყოს ცოცხალი და ოქტომბრის ბოლო დღის ბოლო ფოთლებით საკუთარ სახელს აშენებდეს, ე ლ ე ნ ე - აი, ზუსტად ასე, ოღონდ ყვითლად და ოღონდ ცოცხალი თითებით. აღარ მიყვარს სიკვდილი, რადგან დავიჯერე მისი. მომბეზრდა. დავდივარ ქუსლებმტკივანი, ცის ნაცვლად, რუხი კედლების ნაცვლად, ვეძებ ქოლგას, ფრთებგაშლილს, რომ აღარ დავსველდე წვიმაში და აღარ იყოს შმორი, აღარ იყოს იყოს ნესტი ბინძურ კუნჭულებში. მინდა, ერთი სურათი გადავუღო სამყაროს ჩემი თვალებიდან და ვთქვა, რომ ღირდა სურათის გადასაღებად. ფოტოგრაფის მონოლოგით ავბუტბუტდე ანუ. მინდა... მინდა... მინდა... ფეხს ძაღლი სტკიოდეს და არა, პირიქით, მოჭრილ ფეხს იტკიებდეს ძაღლი, ან თუნდაც ლეკვი, რომელსაც ცხოვრება გაუძაღლდა. ნეკნის არეში არ წიოდეს არტი, ანუ მარტოობა, და სამყაროს შიშის გარეშე ვუნაწილებდე სხვას. ასე მინდა... თოკების გლეჯვა მინდა, მწყობრის არევა მინდა. ბევრი მინდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი