გარდაცვალება


ირგვლივ ყველაფერი ხმაურობს. ხმამაღლა, ძლიერად, შეუპოვრად გაჰყვირის სამყარო. ის არ მეკითხება მე. უნდა, რომ დავემორჩილო ყველაფერს, რაც თავისთავად ხდება, რასაც ჩვეულობრივობის უბიწო ვნებად მოიხსენებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ყოველდღიურობის უსაშველო მანკიერება მშთანთქავს. ის მე სიკვდილით მაშინებს, მემუქრება და მბორკავს, სიცოცხლის გადახუნებულ ბილიკებზე, ჰაერით მაჯაჭვებს აუტანელ მარაზმს, საკუთარ ფრთებს საკუთარი ოცნების ნამსხვრევებით მგლეჯს და ფეხებით მიწაზე მანარცხებს. ის მე სიკვდილს მიქადის, ამ ქვეყნად თითქოსდა ყველაზე მტანჯველ სიამოვნებას და ამით იმარჯვებს ჩემზე, საკუთარ თავზე...
მაგრამ, არსებობს ერთი მაგრამ, საბედნიეროდ, სამყარომ არ იცის, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს გარდაცვალება...
მე შევერწყმები უკიდეგანო სივრცეს და გავიფანტები, როცორც უსასრულო ცა. ჩემი არსებობის თითოეული უჯრედით შევვუღლდები მარადიულობის გაცვეთილ სანაპიროზე და დარჩენილ უკვდავებას ოკეანის უზარმაზარ ტალღებს ვუბოძებ. დროს გავაჩერებ. მაშინ, როცა წყალი ზღვის ჩაყლაპვას გადაწყვეტს, მე დროს გავაჩერებ. აბობოქრებულ ტალღებს, მღელვარე ზღვას და მზეში ჩამავალ იმ პატარა ნავს გავაფერადებ, რომლიდანაც სიჩუმის ხმა მომესმა წეხან. დავინახე, როგორ კეკლუცად აქნევდნენ ფუნჯებს ადამიანები და ჩემს წინ მხოლოდ შავი, უსასრულოდ, სულის შემკვრელად შავი ზეცა წყვდიადში დასახრჩობად მიზიდავდა. 
მაგრამ, კიდევ ერთი მაგრამ, ეს სიკვდილია... სამყარო...
ყველაფერმა ფერი დაკარგა. ის, რაც დილით, მზის ამოსვლისას აღმაფრთოვანებდა, ამ წამს უსაშველოდ მძიმედ მტანჯავდა და სულს მიღღრნიდა. ვეღარ ვსუნთქავდი. სიტყვები ყელში მეჩხირებოდნენ და აზრებიც სწყვეტდნენ ღელვას. აღარაფერი ბობოქრობდა ირგვლივ, აღარც ზღვა და აღარც ტალღები, მხოლოდ სამყარო განაგრძობდა მოთქმას, გოდებდა მისი არსებობის თითოეული წამი და დრო ნაწილებად შლიდა გადარჩენილ ნამსხვრევებს, საკუთარი ოცნების ნამსხვრევებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი