მადლობა უფალო, რომ მომეცი უფლება მეცხოვრა


ალბათ, გსმენიათ წუთისოფელზე... სიცოცხლეზე... ცხოვრებაზე, რომელიც ყოველთვის მზადაა გადაგიაროს... ალბათ, იცით რა არის სიყვარულიც, რადგან ის ერთადერთი მასიცოცხლებელი ძალაა, რომლითაც უშიშრად შეგვიძლია დავუპირისპირდეთ სამყაროს, წუთისოფელს, სიცოცხლეს და მთლიანად ცხოვრების არსს, რომლითაც შეგვიძლია თამამად გავილაშროთ თვით სიკვდილის წინააღმდეგ და უბრალო ტილო მარადიული ფერებით უკვდავყოთ...
სიყვარული ხომ უკვდავებაა, რომლითაც მარადიულობა ცოცხლობს.
"...11 მაისი, პარასკევი. არც თუ ისე განსაკუთრებული დღეა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ყველაფერი ის რაც იყო გუშინ დღეს ცოტა ცივ ფერებში იხატება, რადგან ზეცა შავმა ღრუბელმა მოიცვა. ყოველივე სხვა კი, როგორც ყოველთვის, უაზრო ცხოვრების გაცვეთილი რიტმია. შაბლონურობა ადამიანთა არსებობის განუყოფელ ნაწილად იქცა... და მე ვზივარ ახლა აი აქ, ვუყურებ, თითქოსდა, სავსე ჰორიზონტს, სინამდვილეში კი რეალურობით დაღლილ სიცარიელეს... 
...ვიღაცის ფეხის ხმა მესმის, ის თანდათან მიახლოვდება. ვგრძნობ მის გახშირებულ სუნთვას. არ მინდა შევხედო, უბრალოდ, კიდევ ერთი დაღლილი ადამიანის თვალებში ჩავიხედო, არ მინდა სულის მხილებისას მისივე თვალების თანაზიარი გავხდე... ის ჩემს გვერით ჯდება და..."
-გამარჯობა.
გოგონამ დღიური დახურა და გვერდზე გადადო. მისი მზერა კი ჰორიზონტში გაიყინა...
-ზოგი მოსალმებით იწყებს, ხანდახან კითხულობენ როგორ ხარ, ზოგჯერ თვალს გიკრავენ, გიღიმიან, თვალს თვალში გიყრიან და, უბრალოდ, ქუჩაში გეჯახებიან. საუბედუროდ, ცუდი მსახიობები ყველაფერ ამას იმ ერთ ბანალურ კითხვასაც ამატებენ შეიძლება თუ არა შენი გაცნობა... წარმოგიდგენია, ყოველი დღე რა მოსაწყენია?
-ვაუ...
-ვიცი რასაც მეტყვი, რომ მე უბრალოდ შემეძლო მეთქვა "გამარჯობა", მაგრამ აღარ მინდა რაღაც უბრალო, მომბეზრდა ყოველივე ჩვეულებრივი, მინდა, რომ ერთხელ ცხოვრებაში არაჩვეულებრივიც ვიგრძნო.
-მესმის შენი.
-მაგრამ არც იმდენად, რომ მოხვიდე და მაკოცო, არა?
-შენ როგორ ფიქრობ?
-მე ვფიქრობ, რომ დროა წახვიდე.
-მე უბრალოდ მინდოდა...
-კარგად იყავი.
-ბოდიში თუ შეგაწუხე.
"...მიუხედავად მასთან ერთად გატარებული რამდენიმე წამისა, მისგან მაინც ვიგრძენი რაღაც განსხვავებული, ის რაც ასე ძლიერ მაკლდა ადამიანებისაგან, სითბო, პოზიტივი და ენერგია. მგონი ერთადერთი შანსი გავუშვი ხელიდან ვზიარებულიყავი სიცოცხლით აღსავსე თვალთა ელვარებას, მაგრამ..."
-არაფერს არ გკითხავდი ისევ ჩემკენ, რომ არ მოდიოდე, ახლა კი მაინტერესებს რატომ დაბრუნდი?... იცი რა, საეჭვოდ მიახლოვდები...დიახ, მიახლოვდები...ო არა, ერთი წუთი, უნდა დავამცხიკვო... დისტანცია დაიცავი-მხოლოდ 2 სმ, ერთ... "ამც"...მგონი, სჯობს პირი მოიწმინდო...
-როგორმე გადავიტან.
"... ჩემი მზერა სადღაც უსასრულო სივრცეში გადაიკარგა, მე მის თავლეში ზეცა ამოვიკითხე და ყველა ოცნება რეალურად იქცა, როცა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხო. ამ რამდენიმე ვნებიანი წამით მან მთელი სამყარო მაჩუქა... ფრთები, მე მინდა ფრთები, მინდა გავფრინდე... მიდა თავად ვიყო დრო, რომ საკუთარ თავს გაგრძელების უფლება არ მივცე, მინდა თავად ვიყო სიკვდილი, რომ შემეძლოს მივანიჭო მოკვდავს უკვდავება... მინდა მარადიული იყოს ყოველი განცდილი გრძნობა, თითოეული წამი და ისტორიები მასზე... "
-ვაუ.
-მეც მომეწონა. 
-ვფიქრობ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ...
-ილია მქვია.
-მინდოდა მეთქვა, რომ სასიამოვნო იყო შენი ტუჩების გაცნობა.
-(გაიღიმა) და შენ რა გქვია?
-ევა.
-იცი? ევა, ყველაფერთან ერთად შენ შეუდარებლად ამცხიკვებ.
-მართლა?
-რა თქმა უნდა.
-(გაიცანა) მადლობა... ეს ჩემთვის პირველი იყო.
-რა, დამცხიკვება?
-არა, კოცნა.
ილიამ ევას თვალებში ჩახედა.
-შენი თვალები შენივე სულის სარკეა, რომელშიც ახლა საკუთარ თავს ვხედავ. მე შენი სულის სიღრმეში ვიძირები და თუნდაც დავიხრჩო სილამაზით აბობოქრებულ ამ ზღვის ტალღებში, არასოდეს მომინდება დავტოვო ის.
-როდისმე უთქვამს ვინმეს შენთვის , რომ ძალიან საყვარელი ხარ?
-ალბათ არა, თორემ ის ახლა ჩემს გვერდით იქნებოდა.
-ანუ მე მაქვს, ხომ, შანსი შენთან ერთად ყოფნის?
-შეიძლება, თუ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ პირველ შემხვედრთან, გართობის მიზნით, კოცნით არ შემოიფარგლება. მე კი ვფიქრობ, რომ ყველაფერი ასე უბრალოდ არ უნდა დამთავრდეს.
-სრულიად გეთანხმები.
ილიამ ზეცას შეხედა, მოღრუბლული იყო.
- მგონი, მალე წვიმა დაიწყება.
-გიყვარს წვიმა?
-კი, ძალიან.
-რატომ?
-ალბათ, იმიტომ, რომ... ვფიქრობ, ახლა ამ თემაზე საუბარი სრულიად უადგილოა.
-უკვე დამაინტერესა, გისმენ.
-კარგი რა.
-და ახლა სადაა ის?
-ვინ?
-ის, ვის გამოც წვიმა გიყვარს.
-როგორ გამოიცანი?
-აი ასე, უბრალოდ. სადაა?
-გარდაიცვალა.
-ღმერთო ჩემო, ძალიან ვწუხვარ.
-არაა საჭირო სევდა, მე მიყვარს მოგონებები მასზე, სწორედ ამიტომ მიყვარს წვიმაც, ყოველი ოცნება სიყვარულზე წვიმის პირველი წვეთებით იწყება.
-რამდენი ხანია რაც ეს მოხდა?
-ორი წელი გავიდა. თავიდან ძალიან მიჭირდა, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე მის გარეშე არსებობას. გავაცნობიერე, რომ თითოეული ტანჯული დღე ამაო ამოსუნთქვა იყო და, რომ ის აღარასოდეს დაბრუნდებოდა. ამიტომ გაუთავებელ მწუხარებასა და ტკივილს რეალობისათვის თვალის გასწორება ვანჯობინე.
-კარგი ადამიანი ხარ.
-(გაოღიმა)რთულია ვიყო ცუდი, როცა ჩემს გვერდით შენ ხარ.
-(გაიღიმა) მგონი, სჯობს წავიდეთ, სწვიმა თანდათან ძლიერდება.
-არ გიყვარს წვიმაში სეირნობა?
-როგორ არა, უბრალოდ, ცოტა შემცივდა.
-ჩვეულებრივ, ამ დროს ბიჭი მომაცმელს იხდის და გოგოს აცმევს, მაგარამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არაჩვეულებრივად დავიწყეთ ასე არ მოვიქცევი და ჩემს პიჯაკს აქ დავტოვებ.
-(გაიცინა)უკვე ძალიან მწყდება გული შენს გარეშე გატარებულ ყოველ დაკარგულ წამზე.
-(გაიღიმა)მაშ, დატკბი ამ წუთებით.
-დიდი სიამოვნებით.
"...მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი საკუთარ თავში დანახული სიცოცხლის რწმენაა. ვგრძნობ მის გულისცემას, მესმის მისი სუნთქვა, ვხედავ მას და ვგრძნობ, თუ როგორ მიყვარდება ცხოვრება..."
-მადლობა, რომ მომაცილე.
ილიამ ევას ეზოში ვარდი მოწყვიტა და მას მიუტანა.
-ეს შენ.
-(გაიცინა)მადლბა.
-ისევ იქ სადაც დღეს.
-აუცილებლად. 
-ხვალამდე.
-კარგად.
იგი სახლში შევიდა. შინ მხოლოდ დედა იყო.
-დედა მოვედი.
-რატომ დაიგვიანე საყვარელო, ხომ კარგად ხარ?
-კი დე, კარგად ვარ.
თეა სამზარეულოდან გამოვიდა.
-ღმერთო ჩემო, სულ სველი ხარ, ახლავე პირსახოცს მოვიტან.
-არა, არ მინდა შხაპს მივიღებ.
-კარგი, ოღონდ ჩქარა, არ გაცივდე.
სააბაზანოდან გამოსვლისას თავი შეუძლოდ იგრძნო, ჩაიკეცა, რამდენიმე წამში წამოდგონა შეძლო, საწოლთან მივიდა, ღრმად ჩაისუნთქა, რაღაც აბები გადაყლაპა და დაწვა.
"...ღმერთო მომეცი უფლება ვიცოცხლო..."
შემდეგ კი ოთახში დედამისი შევიდა.
-საყვარელო გძინავს?
-არა დე, შემოდი.
-როგორ ჩაიარა?
-ერთი შეხედვით მოეწონათ, მაგრამ პასუხი მომავალ კვირას იქნება.
-ვფიქრობ, ყველაფერი გამოგივა. ოღონდ, ხომ იცი, თავს უნდა გაუფრთხილდე.
-ნუ ღელავ დედა, კარგად ვარ.
-მიყვარხარ.
-მეც.
-ძილინებისა.
თეა ოთახოდან გავიდა.
"...დიახ, კარგად ვარ... მე ბედნიერი ვარ... ბედნიერი..."
ევამ დღიური და კალამი აიღო.
"...11 მაისი, პარასკევი. დღეს მე სიცოცხლე ვირწმუნე. დღეს ახალი ოცნება მაჩუქეს- ძალა ბრძოლისა და მიზეზი არსებობისათვის..."
ეს ღამე ორივესათვის ხანგრძლივად მშფოთვარე აღმოჩნდა... ნაცნობი ფილმის ერთმანეთში არეული მრავალი კადრი...და ამ  სივრცეში აღბეჭდილი უსასრულოდ მფრინავი  ლანდი... ფიქრთა ქაოსში დახრჩობილი მრავალი აზრი, გადაკარგული  მრავალი სიტყვა... თითქოს, უძირო ოკეანეში დაკარგულია ჯერ არც ნაშობი უკვდავი გრძნობა.
"...12 მაისი, შაბათი. ჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა. ფანჯარაში გავიხედე, არ ვიცი გუშინდელი წვიმიანი ამინდის შემგედ ჩანდა სამყარო ასეთ საოცარ ფერებში თუ განცდილმა გრძნობათა აპოთეოზმა მოახდინა მასზე გავლენა, თუმცა ფაქტია, რომ ეს ყველაზე სასიამოვნო დილა იყო ჩემს ცხოვრებაში. მე პირველად ვიგრძენი რას ნიშნავს სიცოცხლე,  შემიყვარდა ყოველი წამი არსებობისა..."
ევამ იქვე მაგიდაზე ფურცლებსა და ფანქრებს მოკრა თვალი, გაიღიმა
-რატომაც არა.
"...ფურცელთან ერთად რამდენიმე ფანქარი ავიღე, აივანზე გავედი, იქვე მდგარ სკამზე დავჯექი და მოგონებათა მორევში გადავეშვი. ფიქრები ლანდებად გადაიქცა, ლანდები კადრებად, კადრი კი აზრთა სივრცეში ყინულად იქცა...
...საღებავებიც უძლური აღმოჩნდა მისი რეალურობის წინაშე. ვერც ერთმა ფერმა ვერ შეძლო დაეხატა მის თვალებში არსებული ზეცა..."
რამდენიმე ხანში ოთახში თეა შემოვიდა.
-საყავრელო არ დაგაგვიანდეს, უკვე 10 საათია.
ევამ პასუხი არ გასცა.
-ევა სად ხარ?
კიდევ სიჩუმე... 
მაშინვე აივანზე გაიხედა. გოგონას ჩასძინებოდა, ხელში კი ილიას პორტრეტი ეჭირა. თეამ ფურცელი აიღო, გაიღიმა, მალევე უკან დააბრუნა და ევა გააღვიძა.
-საყვარელო უკვე 10 საათია, არ დაგაგვიანდეს.
-რა? ხო, ჩამძინებია. კარგი, ჩავიცმვ და წავალ.
-ისაუზმებ?
-არა, არ მშია.
-კარგი მაშინ.
თეა ოთახიდან გავიდა. ევამაც დააპირა შიგნით შესვლა, მაგრამ თავი ცუდად იგრძნო და ისევ ჩამოჯდა, რამდენიმე წამში ცხვირზე ხელი მოისვა, სისხლი მოსდიოდა, ძალა მოიკრიბა, სააბაზანოში შევიდა და წყლით მოიწმინდა, მაგარმ ის არ ჩერდებოდა. გოგონა ჩაიკეცა, ტირილი დაიწყო
-უფალო გევედრები ოღონდ ახლა არა. გთხოვ, მომეცი ნება ვიცოცხლო... 
ფეხზე წამოდგა, სისხლი მოიწმინდა, ტანსაცმელი გამოიცვალა, ჩანთა აიღო და წავიდა.
"...მთელი დღე მასზე ვფიქრობდი. ყოველი წამი მასზე ოცნებას მივუძღვენი. ჩემი გული რაღაც უცნაურს დაეპყრო, ის, რაც არასოდეს განმიცდია ცხოვრებაში. არვიცი, მეშინოდა კიდეც ყოველივე ამის და მიყვარდა კიდეც ყოველივე ეს. მე ფრთები ვიგრძენი დამძიმებულ მხრებზე.... მე შემიძლია სიკვდილის წინ პირველად და უკანასკნელად გავიჭრა უკიდეგანო სივცეში, დავიპყრო ზეცა და ვიყო ბედნიერი...
...ჩემს ნახატებში ახალი გრძნობა იხატება, გრძნობა, რომელიც მის თვალებსა და სულში ისახება... მე შემყვარებია ყოველი ოცნება მასზე, მე შემთვისებია უსასრულო ფიქრები სიყავრულზე..."
სამხატვრო გალერეადან ადრე წამოვიდა. მისი გული აჩქარებით ძგერდა. მოლოდინის უზარმაზარ ტალღებში იხრჩობოდა სურვილი ილიას ნახვისა. ევას კიდევ ერთხელ სურდა ზიარებულოყო ჭეშმარიტებას მის თვალებში, კიდევ ერთხელ სურდა ეგრძნო სიცოცხლე... ის იმ ადგილს მიუახლოვდა, მაგრამ...
"...მივუახლოვდი და ის იქ დამხვდა, ვიღაც გოგოსთან ერთად იჯდა. მეგონა შემომხედავდა, გამიღიმებდა, შემომხედა კიდეც, მაგრამ... არც ჩემი მომღიმარი სახის საპასუხო ღიმილი, არანაირი გრძნობა, არანაირი რეაქცია, მან ისევ მიიხედა და საუბარი გააგრძელა... ახლოს მივედი, მივესალმე, შემომხედა როგორც უცნობს, მომესალმა და კვლავ არაფერი... მასში ვეღარ დავინახე ის რაც ასე აღმაფრთოვანებდა მისი გაცნობის შემდეგ. ის სრულიად განსხვავებული იყო..."
ევა გაბრაზდა.
-ვერ ვხვდები, რატომ იქცევი ასე.
-მე მეუბმებით?
-ღმერთო ჩემო, რა ცინიკოსი ყოფილხარ.
-უკაცრავად, გიცნობთ? თქვენ მე შეურაწყოფას მაყენებთ?
-ღმერთო, რა სულელი ვარ, როგორ გენდე. საერთოდ რა მინდა აქ. ჯერ კიდევ გუშინ... გუშინ ჩვენ... ან საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს... ღმერთო ჩემო...
ევა მაშინვე წამოვიდა. მისი ფიქრები, აზრები, გრძნობები ყველაფერი ერთმანეთში აირია. ისინი წამიერად ამოვარდნილ უზარმაზარ ქარიშხალს გავდნენ, რომლებიც ირგვლივ ყველაფერს ანადგურებდნენ... რამდენიმე წამში მან მხარზე ვიღაცის ხელი იგძნო, ის გოგო, იყო ილიასთან ერთად რომ იჯდა სკვერში.
-რა ხდება?
-შენ არ იცი, რა სჭირს ილიას, არა?
-რა სჭირს, არაკაცის სენითაა დაავადებული?
-ისე არაა როგორც შენ ფიქრობ?
-იცი, უკვე აღარ მაინტერესებს. შეეძლო, უბრალოდ, ეთქვა თუ არ უნდოდა ურთიერთობის გაგრძელება და დღეს ასე არაკაცურად არ მოქცეულიყო.
-მესმის შენი, მაგრამ გთხოვ მომისმინე.
ევამ ჩანთიდან ვარდი ამოიღო და გოგოს გაუწოდა
-გთხოვ, ეს ვარდი პირდაპირ სახეში ესროლე მას.
ის წავიდა...
"...ხშირად დგება ჩვენს ცხოვრებაში მომენტი, როცა ოცნებაც კი საოცნებო ხდება... მე კი ვერ წარმომედგინა საკუთარი თავი ოცნების გარეშე, ის ჩემი სამყარო იყო, რომანტიკული პოეზიით გაჟღენთილი ჰარმონია, მზისა და მთვარის, სიკვდილისა და სიცოცხლის, სიყავრულისა და სიძულვილის უწყვეტ მოძრაობათა ციკლი... ახლა კი არაფერი არ ვარ მათ გარეშე, ისინი გაქრნენ... ასე მგონია, რომ გული საერთოდ აღარ ფეთქავს, ის უბრალოდ აღარ გამოსცემს სითბოს. ჩემი გული გრძნობებით დაიცალა..."
"...13-14-15 მაისი, ყოველი დღე მხოლოდ ტკივილი, სევდა და დამსხვრეული ოცნებაა... 16-17, ყოველი წამი ისევ შაბლონურობით შეიმოსა... 18 მაისი, პარასკევი, ყოველი ახალი ისტორია ცხოვრების ახალი გროტესკია...   და საერთოდ, რაღა მნიშვნელობა აქვს დროს, მთელი ჩემი არსება აპათიის უზარმაზარ მორევში იხრჩობა... ის, რაც ჩემთვის, განკურნების ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა, დამღუპველი აღმოჩნდა, ჩემში არსებულ კიბოსთან ერთად... მე ვიტანჯები სიყვარულთან ერთად, დრო კი დაუნდობლად გარბის და იწურება ჩემთვის დარჩენილი რამდენიმე კვირაც...
...იცით? მე ვწუხვარ, რადგან, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ მინდა წასვლა. ვტირი, რადგან ვიცი, რაღაც დროის შემდეგ ერთ დღესაც ტკივილს ვიგრძნობ, აი აქ, მე მეტკინება ღრმად გულში არსებული სიყვარული, მე ჩავიკეცები ისე, რომ წამოდგომას ვეღარ შევძლებ, მუხლებით დავეცემი მიწაზე და კიდევ ერთხელ შევსთხოვ უფალს მომცეს უფლება სიცოცხლის, მაგრამ მე მქონდა საკმარისი დრო, რომ ცხოვრება მომესწრო..."
19 მაისი, შაბათი.
 ევა ტელეფონის ზარის ხმამ გააღვიძა. შეატყობინეს, რომ მისი ნახატების გამოფენა გაიმართებოდა 21 მაისს 17.00 სთ-ზე. მისთვის უკვე აღარაფერს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ის შეეგუა დასასრულს და ყოველივე ეს განწირული ადამიანის უშედეგო მცდელობად მიაჩნდა- კვლავ ეპოვა მიზეზი სიცოცხლისა.
ოთახში თეა შემოვიდა.
-გამოფენა ორშაბათსაა.
-მართლა? ძალაინ კარგია საყვარელო, გილოცავ.
დედა შვილს ჩაეხუტა.  ევამ ტირილი დაიწყო
-არ მინდა არაფერი... რა მნიშვნელობა აქვს... გთხოვ... გთხოვ, მარტო დამტოვე...
-კი მაგრამ...
-დედა გთხოვ არ გინდა...
თეა გავიდა, კარები დაკეტა და ტირილი დაიწყო...
20 მაისი, კვირა. 
-ევა ჩაიცვი უნდა გავისეირნოთ.
-არ მინდა.
-გელოდები.
-არ მინდა-მეთქი, არ გესმის?
თეამ თავი ვეღარ შეიკავა და თვალებიდან ცრემლები წასკდა.
-იცი რა, არც მე არ მინდა ძალიან ბევრი რამ. შეიძლება, შენ შენი სიცოცხლე არაფრად მიგაჩნია, მაგრამ მე არ მინდა დაგკარგო... იცი როგორ ვიტანჯები შვილო, ტკივილი მკლავს, მიუხედავად იმისა, რომ ვიღიმი... მინდა სამუდამოდ ჩემს გვერდით იყო საყვარელო, მინდა ყოველდღე მესმოდეს შენი სუნთქვა... მე დედაშენი ვარ და ყოველი შენი ტკივილიანი გამოხედვა ბოლოს მიღებს. გთხოვ გამიგე, დამეხმარე ვიყო შენთან...
ევამაც ტირილი დაიწყო.
-მაპატიე დე გთხოვ. 
-არა, მე მაპატიე, ზედმეტი მომივიდა.
-მგონი სჯობს წამოდგომაში დამეხმარო...
რამდენიმე ხნის განმავლობაში ისეირნეს... ევა ძლიერ დაუძლურებულიყო. რამდენჯერმე, თავი შეუძლოდაც იგრძნო, რის გამოც სახლში მალე დაბრუნდნენ...
21 მაისი. ორშაბათი.
ევა ძლივს წამოდგა საწოლიდან, ორი ნაბიჯი გადადგა, თავი ვეღარ შეიკავა და იატაკზე დაეცა. ხმაურზე დედა შემოვიდა, მაშინვე მასთან მიირბინა
-ღმერთო, ევა როგორ ხარ?
ევამ ტირილი დაიწყო, თეამაც თავი ვეღარ შეიკავა. შვილი გულში ჩაიკრა
-დამშვიდდი ჩემო ცხოვრებავ, დედა შენთანაა... 
-დედიკო, არ მინდა სიკვდილი.
დედამ უიმედო მზერა სადღაც უსასრულო ჰორიზონტს მიაპყრო, თვალებიდან ცრემლები დადმოსცვივდა, ძალა მოიკრიბა და...
-დამშვიდდი... ყველაფერი კარგად იქნება...
-მიყვარხარ.
-მეც საყვარელო, სიცოცხლეზე მეტად.
...
ზუსტად ერთი საათი დარჩა გახსნამდე. სკმაოდ ბევრ ადამიანს სურდა ზიარებოდა ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედებას. მოლოდინი ამძაფრებდა სურვილს ჯერ კიდევ დაფარული შემოქმედების ავტორის ხილვისას...
ევა საწოლზე იჯდა. მის არაფრისმთქმელ თვალეში მხოლოდ სიცარიელეს თუ ამოიკითხავდით. უცებ, იქვე ახლოს, ჩანთას მოკრა თვალი. ნელა წამოდგა და საწოლთან მიიტანა. მასში მისი დღიური და ილიას პორტრეტი იდო. მან ფრთხილად ამოიღო ნახატი...
"...არასოდეს წარმომედგინა თუ როდისმე პირველი ნახვით ვინმეს შეყვარებას შევძლებდი. მას შენდეგ რაც გავაცნობიერე, რომ ავთვისებიანი სიმსივნე მქონდა და სიკვდილი ნაადრევი გარდაუვალობა იყო, აღარასოდეს მიფიქრია მერწმუნა ცხოვრებისეული სასწაულები, მაგრამ მაშინ, როცა პირველად შენს თვალებში ჩავიძირე, მე იმედი მომეცა ვიპოვიდი სიცოცხლის ადგილს ჩემს ბედისწერაში. ღმერთო ჩემო, მე შენთან ერთად სიცოცხლეც შემყვარებია. ახლა კი ვიტანჯები, რადგან ყველაფერი დაინგრა და მე კვლავ ისე ძლიერ მიყვარხარ, მე კვლავ ისე ძლიერი გრძნობით განვიცდი სიცოცხლეს, სიცოცხლეს, რომელიც ჩემს თვალწინ ნადგურდება..." 
დღიურში ამოკითხული მისი განცდებით მან კიდევ ერთხელ გაიხსენა უკვე მომხდარი ულამაზესი გრძნობა, გრნობა, რომლითაც რამდენიმე დღის წინ ცხოვრებას აზრი მიეცა... მან მოახერხა ფრთების გაშლა, მაგრამ გაფრენა ვეღარ შეძლო, რადგან მხოლოდ მოგონებები უძლურია განიცადო ის, რის გამოც მათ ქმნი... 
-საყვარელო მოემზადე 10 წუთში გავდივართ.
-კარგი დე.
-თუ გინდა დაგეხმარები.
-არა, არ მინდა.
ევამ ცრემლები მოიწმინდა. ჩაიცვა და ჯოხის დახმარებით მეორე ოთახში გავიდა.
-მე მზად ვარ.
-ძალიან ლამაზი ხარ.
-არ გინდა, გთხოვ.
-ძალაინ მიყვარხარ.
-მეც დე, მეც ძალიან მიყვარხარ. 
-წავედით...
გალერეის წინ შეკრებილი ადამიანები დღის მთავარი გმირის გამოჩენას მოუთმენლად ელოდებოდნენ... ევამ მხოლოდ გაღიმება შეძლო მათთვის და დედასთან ერთად დარბაზში შევიდა. უკვე ყველა ნახატი იყო მზად მაყურებელთა გულის მოსაგებად, მაგრამ ევა გრძნობდა, რომ... და აი, ის იმ ნახატთან მივიდა, რომელიც გალერეაში იმ დღეს დახატა, როცა ილიას უნდა შეხვედროდა. მასზე გამოსახულ უსასრულობას მხოლოდ მის თვალებში ამოკითხული ზეცა თუ აღიქვამდა ისე, როგორც ეს ევამ შექმნა. აქ სწორედ თვალებში დამხრჩვალი შემოქმედის სული ეხატა.
დარბაზი უკვე ხალხით გავსებულიყო. ევამ უკან მოიხედა და მისკენ მიმავალ ილიას მოკრა თვალი. ბიჭის გული ერთი ნახვით დაეპყრო სწორედ იმ ნახატს, რომელსაც რამდენიმე წამის წინ, ავტორი ასეთი სიყვარულით უმზერდა... 
-საყვარელო წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო.
-ერთი წუთი, გთხოვ, თავს შეუძლოდ ვგრძნობ.
-ახლავე წყალს მოგიტან.
-არა, აქ დარჩი და ხელი მაგრად ჩამჭიდე, გადამივლის.
-კი, მაგრამ...
-ღმერთო, გთხოვ, ახლა არა. მგონი სჯობს ჰაერზე გავიდე.
-კარგი, წამოდი დაგეხმარები.
-დედა ჰაერი არ მყოფნის.
-გთხოვთ, ვიღაც დამეხმარეთ.
ილიამ მაშინვე მათთან მიირბინა, გოგონა ხელში აიყვანა და გარეთ გავიდა. ევას ფილტვები ჰაერით აივსო, მან თავისუფლად ამოისუნთქა... თეამ მადლობა გადაუხადა ბიჭს დახმარებისათვის და შვილის თხოვნით ტაქსი გამოიძახა, სახლში წასასვლელად...
-ევა, გახსოვარ?
-კი, შენ ის გოგო ხარ, რომელიც ცდილობდა ილია გაემართლებინა.
-გთხოვ მომისმინე, შენ სიმართლე არ იცი. ექვსი თვის წინ მას მანქანა დაეჯახა, თავი ძლიერ დაარტყა. ოპერაციის გაკეთების შემდეგ კი ანტეროგრადული ამნეზია განუვითარდა, რაც ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარის დაკარგვას ნიშნავს. მას მხოლოდ ტვინის დაზიანებამდე აღქმული ანუ წარსულში განვითარებული მოვლენები ახსოვს. მისთვის ყოველი დღე 2014 წლის 15 ნოემბერია, დღე, როდესაც ავარია მოხდა. სწორედ ამიტომ არ ახსოვდი შენ მას გაცნობიდან მეორე დღეს.
ევას თვალები ცრემლებით აევსო, ჩაიკეცა და გონება დაკარგა... 
ის საავადმყოფოში გადაიყავნეს. როგორც ექიმები ამბობდნენ, სულ რაღაც სამი დღე აშორებდა სიკვდილთან... გონზე აღარ მოსულა, ის ძლიერ დაიღალა, მას უბრალოდ აღარ შეეძლო...
ბოლო, მესამე დღეს, მან ხელზე ნაცნობი სითბო იგრძნო...
 გოგომ, რომელმაც ევას სიმართლე უთხრა, თეას ჰკითხა თუ წერდა მისი შვილი ღიურს, მანაც დაუფიქრებლად მისცა ის, რომელიც შემდეგ მეგობარმა ილიას მიუტანა და ერთი დღით მაინც, უკვე არსებული გრძნობის გაღვიძება შეძლო. 
სწორედ ილია იდგა ევას საწოლთან მესამე დღეს. ის სიყვარულით ათბობდა მის სხეულს, გულს, მის სულს კი მარადიული სასუფეფლისკენ მიაცილებდა. ევამ შვება იგრძნო დაქანცულ მხრებზე, მან კიდევ ერთხელ შეისხა ფრთები და სამუდამოდ გაფრინდა...
'...მადლობა უფალო, რომ მომეცი უფლება მეცხოვრა..."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი