მომენატრა ქალის მორცხვი თავჩაღუნვა ..


მომენატრა ქალის მორცხვი თავჩაღუნვა
როცა ქარი კაბის კალთებს უთამაშებს
როცა ცხადში და სიზმარში ერთნაირად 
სახე რაღაც ქართველურად უკაშკაშებს
როცა უფლის საჩუქრად თვლის სიტყვას დედას
როცა წყაროს წყალს ანიჭებს უკვდავებას
როცა იცის როგორ მიჰყვეს უფლის ნებას
და არ არის აყოლილი მოდურ ვნებას.
რა ვქნა მიყვარს როცა დედას ქართველ დედას
ვერ აჩერებს ვერაფერი ქვეყანაზე
დაიღლება სიკვდილნარევ ცრემლებს შეჭამს
რომ გაჩეხოს ეკალბარდი შვილის გზაზე.
მომენატრა როცა ქალი ქვეყნის თვალი
იჩოქება ღვთის ტაძარში როგორც მქრქალი
ჩრდილი თავის სილამაზის, ელის მკრთალი
ნათლის სხივად გადაქცევას...და ცოცხალი
უბრუნდება სიკვდილმისჯილ დედამიწას...
რომ აენთოს როგორც წმინდა ცეცხლის ალი
და დააჩნდეს დედა მიწას როგორც კვალი
წარუშლელი... კვალი დედის,კვალი ქალის....
მხოლოდ ქალმა ნარნარამ და სულ ნანატრმა
იცის როგორ დაიტიროს ლოცვა ჩუმად
თუნდაც მარტომ დარჩენილმა ერთმა ცალმა
იცის როგორ დაიტიოს მოთქმა მუნჯად
რა მაოცებს იცით როცა ცრემლის მალვით
დახატული საოცრება ღმერთის კალმით
როცა ვხედავ უცებ რაღაც უხილავით
წამში როგორ აივსება კაცის ძალით.
ღმერთო როგორ შეუძლია მოკლე კაბით
მოცეკვავე ნაზმა სულმა იასავით
მონასტრისკენ გზას გაუყვეს ერთხელ ღამით
რაღაც არა ამქვეყნიურ სისადავით.
მენატრება არ-ნახულად მენატრება
ქალის სუფთა გულისცემის მოძახილი
იავნანა დედის ნანით დაწყნარება
ქარის მიერ რთველის ველად  ნარნარებას
მოჰგავს ...როგორ მენატრება
ისევ ხილვა თუნდაც წამით წმინდა ქალის
ხატის მსგავსის .. ღმერთო როგორ მენანება
დავივიწყო... არ ვინატრო ნახვა ქალის ... წმინდა ქალის....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი