დეჟა–ვუ
ალბათ, ოდესმე ხელმეორედ დავიბადები, ან იქნებ, სულაც ეს ცხოვრება არის მეორე. რომ თავისთავად ჩემი სიტყვის მე ვარ თავდები, ძმაკაცო, თითქოს მერამდენედ გაგიმეორე. ჩააქრე, ლამის ბილბორდები აწუხებს მთვარეს, ჩვენი ბავშვობის აივნებზე დეჟავუ ელავს. ნეტავ მენახა რა ხილია ფურცლის სხვა მხარე, ან რა ფერი აქვს ვენებიდან გაჟონილ მელანს. ხე არ ეყოფა დამიჯერე ამხელა სუროს, ფოთლები ქმნიან უსასრულო სიცოცხლის ტომებს, იქნებ ამ ზამთარს ბოლო კარი გამოვუხურო, სიზმარგადამცდარს ნოემბერიც რომ მიმატოვებს. სიჩუმეს ვარღვევ - საკუთარი თავის თავდები... გიტოვებ ჟანგბადს საარსებოდ, მეტისმეტიანს, ლექსები წერე, სხვანაირად ვერ შევთანხმდებით. თავისუფლებაც ზოგჯერ უკვე სენტიმენტია. აივნებს ათოვს, თოვლი შარშანწინა დადების დეჟავუმ თვალებს უსახსოვრა ცივი სიშტერე. თითქოს ბოლოა ყველა სიტყვა წინადადების, რადგან არცერთი პირველობას აღარ იჩემებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი