ცაცია გიჟი


''პოეტი მაინც ერთი ლექსია'' 
ლაშა გახარია 

რელსებსამცდარი ვაგონივით მივსდევ ლიანდაგს,
ჩემი ცხოვრება პოეტივით ერთი ლექსია,
ვატყობ, ღმერთამდე დიდი ხნის წინ დამაგვიანდა,
სასმელაცრილს და პოეზიის ეპილეფსიანს.

ზეცაზე უფრო ნირწამხდარი მზერა მაციებს,
თეთრი ხალათი რახანია თბილად არ მცმია,
საგიჟეთიდან გაუწერელ ვგავარ პაციენტს,
გაჭრილი ვაშლის მსგავსებით და ხელით ცაცია.

ვერ დაგიბრუნე სიცოცხლისთვის ნათხოვი ჩანთა, 
რომელშიც წლები არცთუ ისე ბევრი ეყარა.
მტკაველი მიწა რამხელა და პარნასი ჩანდა, 
კოკაცრემლიან უსაშველოდ თბილი ქვეყანა.

ვატყობ, ღმერთამდე დიდი ხნის წინ დამაგვიანდა,
სასმელაცრილს და პოეზიის ეპილეფსიანს,
რელსებსამცდარი ვაგონივით ვკარგავ ლიანდაგს,
ჩემი ცხოვრებაც პოეტივით ერთი ლექსია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი