სიცოცხლე მეჩქარება


ვჩქარობ ანა-მარია,
ყველაფერს ვჩქარობ,
მინდა,
სიკვდილს სიცოცხლე დავასწრო.
როცა
სარკეში ვიხედები,
საკუთარ შუბლზე
ახალგაზრდობას ვითვლი
და ვხვდები,
რომ
ჩემი ცხოვრება
იმდენად დამრჩა უკან,
რამდენადაც
შევცურე შენსაში.
ახლა თავი
შორეული ნაოსნობის
სულთმომბრძავი კაპიტანი მგონია.
ვწრიალებ
გემის ბორტივით
გამოშვერილ აივანზე და
ნერვებს ვაფენ,
საშრობად გაბმულ თოკებზე,
სადაც ზურგის ქარს არ აქვს მნიშვნელობა
და ვცდილობ,
სურდოს გაყოლილი იმედები
ხელახლად,
ვირუსივით შემეყაროს
მივშტერებივარ
ალამივით გვერდჩამოგდებულ კალენდარს,
რომელსაც მთელი წლის პროგნოზი ავაცილე
და
ნასესხები დღეები
თვეებს შორის მემალებიან,
თითქოს მევალე ვიყო.
არადა არსდროს არაფერი მქონდა საკმარისად - დრო მითუმეტეს.
ჰოდა,
ვჩქარობ ანა-მარია,
ყველაფერს ვჩქარობ
და არასდროს ვირჩევ შორ გზას შენამდე,
რადგანაც ვიცი
უსათუოდ ახლოდან სხვა მიმასწრებს.
უფრო და უფრო
მეჩქარება ანა-მარია,
მინდა
სიკვდილს სიცოცხლე დავასწრო,
თორემ
სიკვდილამდეც კვდებიან შეყვარებულები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი