გამხმარი მიხაკები


დაგედე ვალად, ისტორიას აღარ ვთაკილობ,
კალმის ჩრდილები მაარქივებს უფრთო მერცხლებად,
გეძლევა შანსი, მიხაკები არ ააცილო
პოეტის საფლავს, სიყვარულის ჩასაცეცხლებლად.

სქელი სიტყვების მონოლოგი, როგორც რადიოს,
მრჩება თაროზე ამოვსებულ სიცარიელედ,
მუცლად ჩასახულ მთელ პლანეტას ჩემგან გპატიობ
და კუთვნილ ადგილს ჩემდაწილად გიცარიელებ

უკმაყოფილო თარიღებით, ქარი ორპირი
მკაწრავს ლექსების სარჩევიდან, თუმცა ნახევრად
საფლავის ქვაზე მიმახატეს რუხი პროფილით,
ზურგი მაქციეს სიცოცხლიდან ჩამოსახევად.

შემომატოვეს გაზაფხულზე მერცხლები უფრთო
და სურათებზე ჩამანაცვლეს უცხო პირებით,
მოდიხარ, კატებს დასაგლეჯად საუზმეს უფრთხობ,
ხელში გახმება მიხაკები დანაპირები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი