მარტოობის მარხვა


ბაღში,
ნოემბრის მიწურულს,
ფოთლებივით შემორჩენილი
მოგონებები მიშიშვლდებიან ხეებივით
და ვიხსენებ
საკუთარ ბიოგრაფიას,
რომელსაც
დანაკლისად მომავლის ისტორია უტივტივდება,
ხოლო მარხვა სიმარტოვის -
გვერდებს უთხელებს.

ახლა სულერთია ჩემთვის 
ნებისმიერი თარიღი,
ვალუტა,
ამინდი,
სტატისტიკა
რომელსაც მაინც ზოდიაქოს 
დავაბრალებ და თავზე გადავახევ 
ყოველგვარ იმედის მომცემ პროგნოზს...
ცდა სულაც არ არის ბედის მონახევრე.
მე ხომ
ნოემბერში დავიბადე,
თუმცა არცერთი შემოდგომა 
არ მყოფნის
ფოთლების დასათვლელად - 
ვფიქრობ და 
თავი ქუდში მაქვს თან
უთავობა დამცინის ქვეცნობიერში,
უგაზაფხულოდ შეყვარებული მერცხლების გამო,
რომლებმაც
გაზაფხულიც გადაიბირეს თბილი ქვეყნებისკენ.

მარხვა სიმარტოვის კი
დამაჩნდა დამღად ტუჩქვევით,
როგორც შავი ხალი
და ვწვიმდები ბაღებში,
სადაც 
ზოდიაქოს ყველა ნიშანი გაძურწულია,
სადაც 
ფოთლებივით შემორჩენილი 
მოგონებები მიშიშვლდებიან ხეებივით,
სადაც მხოლოდ 
მე ვარ ჩაცმული
(ხეებისგან განსხვავებით)
და ვიხსენებ საკუთარ ბიოგრაფიას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი