მთვრალი იოგები


მთვრალ იოგებში გაიბლანდა სოლო დილიდან,
არქივგახდილი სინოფტიკის თანამედროვე,
შემოდგომამდე აგახიე ბოლო ღილი და
ცოტაც მადროვე...

ცოტაც მადროვე, ისედაც ხომ ნამეტანია,
აქ რახანია ჩაიმუხლა დროის სამუხლე,
გვირილის ფოთლებს უბრალოს და მოკლეხანიანს.
ისევ ავურევ...

თავად არეულს ამინდებთან რა მაქვს საერთო,
მისამართს ვიცვლი შემოდგომის გადაწვიმებას,
მეგრულ პაემანს მაისივით მშვიდად ჩაევლოს...
მაქვს ეს თვისებაც...

მაქვს ეს თვისებაც, თანდაყოლილ სიმპტომის მსგავსად,
მთელი წლის პროგნოზს ვაცდენ ხოლმე ათასი ვერსით.
ვადაგასული გვირილებიც ხარობენ არსად,
და მე კვლავ შევცდი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი