შემოდგომის ტილო
შემოდგომის ტილოზე დაკარგული ფოთლები. გეძებ, თითქოს ღამეა საიდუმლო სერობის, ცალმხრივ ქუჩის საწყისზე სექტემბერთან ვტოლდები, თუმცა ნოემბერია - არასოდეს მელოდე. გზის წყვეტილი ხაზივით პულსის გრძელი პაუზა, ერთხელაც ვერ გიხილე ათას სიზმრის მნახველმა, შუბლზე ამინდავდრიან გიჟის სიცხეს რას უზამ, შარშან ვირუსშეყრილმა წელს რომ ამომახველა. ვგავარ ლოთის სიმშვიდეს, ცუდი მელოდრამიდან, უკომპასო მგზავრივით ნაგლეჯ რუკებს ვაუღლებ, შენ კი არა შენამდე მისასვლელი გზა მინდა, მერე თუნდაც აცივდეს ზამთარს ფანჯრებს გავუღებ. ირონიულ თვალებში სამი მზე მაქვს გოლიათს, მიწა მიწად იქცევა, შვილებიც და ჰეროდეც და მივდივარ იქ სადაც არც კი გამიგონია, მთვრალ პოეტებს დაღლილი სტუმრებივით ელოდნენ. თუ მიმიღეს ოდესმე წავიყოლებ ბოთლებს თან, იქნებ ჩემში გიპოვო ღმერთივით და თავადვე, ვიკარგებით ტილოზე, შემოდგომის ფოთლებთან, სადაც ქრისტე გვაცილებს საკურთხევლის კარამდე. დამესიზმრე წუხელის, ღამით, სავსე გრაფინის ღვინომ დამაძინა და ცხადივით ხარ მზექალავ, ცოლად შენ მოგიყვანე ''ცუდი ბიოგრაფიით'', გოგო, რომლის თვალებმაც ისტორია შეცვალა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი