ელიენ
ელიენ თუკი არსებობის ერა ლუწია, გვათბობდეს ციმ-ციმ ნათელების მარად ყებური. ცხვირიმც შეურცხვეს იმ უღმერთო ევოლუციას, სადაც ლოდინი სიყალბეა თავისებური. მთვარემ იმრუშა, უფრო სწორედ, როგორც ისურვე, მე არც ბოლოში, არც შუაში და არც თავში ვარ. მელნით გიხატავ ცის კიბეებს, მერმე მზის გულებს, ხელებს გიწოდებ სამკითხაოდ მარშალ თავშლიან! და აკვირდები ჩვენს მომავალს ოდნავ ზემოდან, ცის მოიისფრო თვალებით და მრავლისმეტყველი. მე ხომ არასდროს მითხოვია გამმართლებოდა, და ამიტომაც ერთად ყოფნა ვეღარ შევძელით. ცხოვრებას უფრო ლამაზს აჩენს გასვლა წლების და, სულ სხვა თემაა დაბადება შემდეგად ცხრა თვის. მშობლები შვილებს გვბადებენ და დაბადებიდან, დაბადებითვე გვიმეტებენ სიკვდილისათვის. არა არ მინდა ის ნაძვეთი კუბოს ფიცარად, ხშირად რომ სხედან კენწეროზე შავი ყვავები, მაგრამ სამშობლოს? სასაფლაო მიწას ვფიცავარ, მტერიც რომ იყოს დედასავით შევიყვარებდი. საით წაგვიყვანს გზა-ქსელების განშტოება ან რა დააკლდება უჩემობით მისტიკურ ფერებს? აქ სიყვარულის ბოლო მაინც განშორებაა და ღმერთმა იცის რა იქნება სიკვდილის მერე. რა უნდა იყოს - სიმარტოვე რიგით ქალისთვის?! ამორძალური ეპოქების ბოლო ელიენ, რომ გამახსენდეს სხვა ცხოვრების აპოკალიფსი, მკერდზე სვირინგად ამოვიწვი ევანგელიე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი