გოგო, რომელიც არის მართალი
ახლა ზღვასავით ღელავს ხარდანი, ხელადით ხელში ესწრაფვის ხარდანს გოგო, რომელიც არის მართალი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავთან, ხევიში ხრიალებს ქვიშა და ხრეში, ხეზე ზის შაშვი და უსტვენს ნიავს, და მიდის გოგო ხელადით ხელში, და ხელით სველი სიცოცხლე მიაქვს. მამის შუბლიდან წვეთავს ალმური, და უმზერს ვენახს ზეცამდე აშლილს, და ხეზე ისევ, ვით სალამური, სევდიან ხმაზე ღიღინებს შაშვი. მიიწევს ნელი ნაბიჯით წინ და, წითლად წრიალებს გზებზე ძახველი, ფეხზეც აცვია წითელი წინდა, ვით მისი ბოლო თანამზრახველი. ის დამნაშავის ნაბიჯით მიდის, ევსება ცრემლით თვალის უპენი, თითქოს მას ცოდვა მიუძღვის დიდი, ცოდვა ძლიერი და დამღუპველი. გზა იყო ჩუმი, გზა იყო ვიწრო, არ ჩანდა არვინ, არ იყო არხა და თავის ცოდვად მიაჩნდა ის რომ, დღეს მას პირველად უთხრეს- "მიყვარხარ"...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი