ყოველთვის მომაგნებს მომსვლელი


შიშველი ჭადრები ზამთართან მრუშობენ,
ეშვება გულიდან დარდების ბობსლეი,
და ისევ ვიხსენებ ოცნებას უშორესს,
და ვამბობ ყოველთვის მომაგნებს მომსვლელი..

წვიმიან ქალაქში, ქოლგების წვიმაში,
ფოთლების წვიმაში ელავენ ფიქრები,
მე ვხედავ კედლების და სარკის წინაშე
თვალსა და ხელ შუა თუ როგორ მიქრება...

იმედი და ახლა თუ როგორ მაგიჟებს,
თუ როგორ მიფანტავს ოცნების ეშელონს,
და ახლა ქუჩაზე ვებნევი ნაბიჯებს
და არა მგონია ოდესმე მეშველოს...

მე არა მგონია...მე არა მგონია...
ეს გზები შეიკრას, შეიკრას ეს გზები,
და სულში ქარივით ქრის მელანქოლია
და გულში ძარღვივით ფეთქავენ ლექსები..

შიშველი ჭადრები ზამთართან მრუშობენ,
მე ვზივარ და ისევ არეულ დროს ველი,
ქარები ამინდებს ძარღვში წვეთს უშრობენ
მე ვამბობ... ყოველთვის მომაგნებს მომსვლელი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი