პოეტი – პაციენტი
დილა მოდის ექთნის თეთრი ხალათით ცივი ორთქლი მოღლილ ფილტვებს აციებს, და იწყება დამთრგუნველი კამათი, რად არ სძინავს ღამენათევ პაციენტს?! ჩუმი ექო ყრუ კედლებთან ხროტინებს, თითქოს ხმებმა ოთახს ზურგი აქციეს, და ექთანი კვლავ ჩურჩულებს - მოტივი, რად არ სძინავს ასე მძიმე პაციენტს?! ეკითხება თავის თავს და თავისით იშველიებს უცხო ვარიაციებს, ჰიპოკრატეს ფიცით სწუხს და განიცდის, რად არ სძინავს ასე მძიმე პაციენტს... მზეც ამოდის პროფესორის მანტიით, დახრილ სხივთა მწველზე მწველი რელსებით, "დიაგნოზი, ამბობს, გახლავთ მარტივი, საწყალს სისხლში აღმოაჩნდა - ლექსები"...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი