რეკვიემი ფოთოლცვენისთვის
ისევ დაიწყო ფოთოლცვენა. ისევ დაბერდნენ ყვავილები. ქარმა სულები ჩაგვილეწა (ქარები სულებს აკივლებენ). მე – შემოდგომის მეინახე, შენ – ყოჩივარდი უხერხემლო. მე, ყვავილები შეგინახე, შენ, ფერი გადევს უხერხული, როგორც წალეკილ ღრუბლის ვარდებს, როგორც დაკოდილ კამელიას. შენთვის ტყეები გადავმალე, მზის სხივები რომ დამელია. ხეებს, ქარისგან დანატორებს, კაბა ჩავაცვი საფერხულო. მინდა ენძელას გავუტოლდე, რომ დაგიკოცნო ნაფეხური, რომ არ დაიწყოს ფოთოლცვენა, რომ არ დაბერდნენ ყვავილები. ქარმა სულები ჩაგვილეწა. ქარები სულებს აკივლებენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი