თიხის ქოთნები
თიხის ქოთანში დარგული ია, შენი სულია - ღია თვალებით. ოთახში, ხმელი ფოთლები ყრია და დაცოცავენ ღრიანკალები. დაგესლილი ხარ. ვეღარ ლოცულობ. იცრემლები და ღამეს ათენებ, რომელიც (მწუხრით გარემოცულო), თმასავით გიშლის ნერვებს - სადენებს. თებერვალია, თებე. თეთია დათოვლილია და აკანკალებს. ირგვლივ დუმილი და სითეთრეა და ზეცასავით ლურჯი, კამკამა თვალები. თელას თენთავს ბორიო, საკვამურები ზეცას ბოლავენ. ღრუბელი ღმერთის ანაფორაა, მთვარის შუქია მისი ოლარი, რომელიც, ფანჯრის ნამიან მინებს ეფინება და სახლში შემოდის. შენ, მომაკვდავი, საწოლში გმინავ და სასთუმალთან ითვლი დემონებს და ნება-ნება, თითქოს ნებდება სული, სიკვდილის ძვლოვან მარწუხებს, ტოვებ საწუთროს. ვერ შეგაწუხებს ტყეთა შრიალი და სარეკელა... ვერც დამტვერილი აკვნების დარდებს დაიტევს შენი თვალების ჩერო. ვერ გადარჩები, იმდენად ბარდნის, სიკვდილმაც, ისე ამოგიჩემა... ვაი, თუ ეშმამ ღამე დაგეშა და ქოფაკივით დაგიხრა ძვლები. გარდაიცვლები - ლოცვით ბაგეზე, თუ - ულოცველად გარდაიცვლები? - - შენ არ გარდარდებს... გველისზოლებავ და დაცვარულო, როგორც კესანე, მალე, კოპწია ანგელოზები, იას, ედემში გადათესავენ... დარჩება თიხა, მტვრიანი თხემით, სამარის ღია კარი და თხელი თითბერის მთვარე - - ღამეთა მთევი და სიყვარულის ეპიტაფია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი