სამშობლოს მატარებელი


ღრუბელი ეცვა რუსთავლის ველებს,
მატარებელი იწვა ვით მკვდარი,
მე ვგრძნობდი ზურგზე ვიღაცის ხელებს,
ჩემს ხედვას შორით ირეკლდა მტკვარი.
გავშორდი თბილისს, დაცემის საწყისს...
მატარებელი დადის ვით თერგი,
ვეძებდი იმას ვინც ჩემში არის,
ვისშიდაც დავრგე სიცოცხლის ნერგი.
ერთი მოხუცი მიყვება ამბებს,
როგორი იყო ცხოვრება ადრე,
ნათელი ფერი მოვფინეთ საგნებს
და ჩამოვხსენით ზეციდან მთვარე.
ჩემს მხარეს იდგა თავისუფლება,
მას გვერდით ჰყავდა ბებერი შიში,
დემოკრატიის სახის ჩვენება
და მონარქიის გავლენა შვილში.
ქართლის ცხოვრება მტკიოდა მარცხნივ,
სხეულის შიგნით წვიმდა ზამთარი,
ჩვენ დავითვალეთ ყოველი მარცხი
და სინანულის დავდგით ტაძარი.
არარობა ღამენათევი
მსოფლიოს ზურგზე თვალებს ახელდა,
იბადებოდა ყვეყნად გამცემი
და ისტორია გვიან ამჩნევდა.
ამგვარი იყო ილიას მოკვლა,
აღარ ვამტყუნებ მერე ერეკლეს,
ჩვენ ქართველებმა არ ვიცით ცნობა,
არც განვასხვავებთ მტრისგან მოყვარეს.
მარტოსულია ირგვლივ გარემო,
იქ მოცარტივით ტოტნი ირხევა,
ტკივილი სუფევს ჩვენში საერთო,
მაგრამ ტკივილმაც იცის მიჩვევა.
თავის რჩეულ ერს არ ტოვებს ქრისტე,
რა დიდიც უნდა ელავდეს ბინდი,
სული ასული მიწიდან ცისკენ,
ისე ჩანს როგორც ცხოვრების წიგნი.
ფრთებს იკვეცს წვიმა და წიწამური,
დიდი შეცდომით ნასროლი ტყვია,
ვით ტიციანის იავნანური,
მასაც ქართული სიკვდილი ჰქვია.
რაღა ვთქვა როცა თავს იკლავს ერი,
ილიას სისხლი შემინდე ღმერთო,
თუ ქრისტეს ჩემი ჯვარცმული ეთქმის ,
ერის მამასაც შენდობას შევთხოვ.
უფლის სხეული მიმტვრიეს გულში,
ბოღმით ამავსებს ბოლშევიკობა,
ვთვლი რომ ცხოვრებამ ბედის უბსკრულში,
შობა: პაულოს ის თვითმკვლობა,
მწერალთა სახლი და საგიჟეთი,
გალაკტიონის ძილი დიადი,
გამოღვიძება დანაპირები,
აკაკის ლექსში მზე - განთიადი,
მემენტო მორი,ცალკე გრანელი...
დასაფლავება გამართა მთვარემ,
ეს ცრემლიანი ლურჯი თვალები,
ღალატის ლორდო შენ შემიჭამე.
ქება დიდება საბჭოთა ჩექმის,
მისი მწმენდავი,მისი მომვლელი,
იქნებ მკითხველო არც შენ არ გესმის
შენც დაგიხვრიტეს იქნებ მშობელი?
კომუნისტების იდეოლოგმა,
ნამგალ-ჩაქუჩით ჩიბუხიანი,
დასამარხია ყოველი დოგმა-
კეთილდღეობა სიმწუხრიანი.
ახალ ეპოქებს დაჰყვებათ ბრალი,
ძველი ცოდვათა უდაბნოების,
კაცი რომ გახდა ბუნებით ქალი,
ნიშნად ევროპულ თავისუფლების.
ხარბად ხვრეპს გულებს ხალხთა სიყალბე,
იდეოლოგთა ორი უბსკრული,
ორი მზე ცაზე როგორც სიხარბე,
ქართული მიწა ჯვარზე გაკრული.
მსოფლიო ჭიდილს მსხვერპლად ნაწირი,
რწმენა წამხდარი განდეგილის გზა,
დამტრიალებდა თავზე ყორანი
ამ სოფელშიც და დოფლის გადაღმაც.
პატრიოტიზმი გახდა საძებნი,
ფრთებშეკვეცილი არის დროება,
აი მოხუცო ქართული სენი
და ყველა მისი გარემოება.
მოხუცმა ხანაც თავი ჩამიკრა,
ხანაც ამაყი მომაპყრო მზერა,
წავიდა დინჯად და რა იფიქრა
ან რა უნდოდა რომ ჩემთვის ეთქვა.
ახლა მარტო ვარ და უკან მრჩება 
თოვლდადებული ხეთა რიგები,
რაოდენ ფიქრებს ბადებს ის ჩვევა,
როცა გიყვარს და მიზეზს ვერ ხვდები.
სიცივე როცა ბრძანებას გასცემს
იმედი დამაქვს გამეფდეს სითბო,
ეს ჩემი სული ქართველებს დაგრჩეთ,
ხოლო,ჰა ,ხორცი შენ მტერო გითმობ.
ის მიწა სადაც ერთობა დავრგე,
როცა მწყემს კეთილს თვალებით ვგავდი,
შენ,საქართველოვ გაგამთლიანებ,
ნიკოფსიიდან დარუბანდამდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი