ბიბლიურ მოტივებიდან
ცაზე მინდვრების ცვარია, იქვე ზღვისაა ღელვაც. საქმის გარეშე მკვდარია, სიყვარულიც და რწმენაც არეულია გზები, ვარ რვა აგვისტოს მოწმე, ჩემი ძმის მკვლელი ერი, ვეღარ იქნება მოძმე. სისხლით აივსო მიწა, წუხელ აბელი მოკლეს, ამბობენ თურმე რიწა, მალავს ამ ამბის მოწმეს. მოსე ფარაონს მოძღვრავს, მგლის თავას მრუდეს ნირით, ძმა დღესაც იმ ძმას მოკლავს, პურს რომ უყოფდა დილით. ზღვას გახსნის ებრაელთა, გადარჩენისთვის მოსე, თუმცაღა შებრალება, დარჩა კაცთაგან შორსვე. აჯანყებაა ბრბოთა, შეძახილია ვრცელი, მოკვდეს მეძავი დროთა, ღალატის ღვინის მსმელი. დღეს ასეთია ყოფა, არ გაგიკვირდეს არა, ზურგისთვის ხმლის ჩასობა, ერთ მოდუნებად კმარა. ისევ კიდობანს აგებს, ღმერთის ბრძანებით ნოე, სიცოცხლეს იმათ აძლევს, ვინც მალე უნდა მოკვდეს. რაც უნდა წმინდო კაცი, წარღვნით თუ პატიებით, მისთვის შეიქმნა მარცხი, ადამურ სარბიელით. მიწაზე ედემია, ჩვენ მის ძიებას მოვრჩით, ირგვლივ ხომ ხეებია, ანა თქვენ იმ ხეს მოჭრით, რომელზეც გიდევთ სული, რომლის კვირტითაც ცოცხლობ, ასვლაა ძალზედ რთული, დავარდნას თუ კი გლოვობ. პეტრეს ცრემლები მინდა, და რწმენა აბრაამის, გესმით შვილს ღმერთში ცვლიდა, ახლა კი ღმერთთან არის; ზეცაში მართალთ სახლში, თუმცა ვერ ვხედავ თვალით, მაგრამ სინდისსაც ტანში, ვერ ამჩნევ ვერა ძალით. ამიტომ მჯერა იმის, რაც არსებობს და არ ჩანს, ახლაც გალობა ისმის, ვხედავ ანგელოზთ ცხრა დასს. ცაზე მინდვრების ცვარია, იქვე ზღვისაა ღელვაც. საქმის გარეშე მკვდარია, სიყვარულიც და რწმენაც
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი