ქართლის დედა
ახლა უკვე გვიანია, თუმცა ძილი არის ადრე, ხშირად ისიც მინანია, რაც ძველად ვერ შევინანე. გულში ჟონავს ნოსტალგია, სხეულში კი არის ცრემლი, ხშირად მტერი ქომაგია და მოყვარე არის მტერი . ეს ცხოვრება ნისლის ტყეა არსებობა ლაბირინთი კაცი ხშირად ქალის ტყვეა და ხანდახან კი პირიქით. წვიმა ცეკვავს გზებთან ტანგოს, მთვარე მიწას აყურადებს, ქალი რომც არ გყავდეს ახლოს, ვერ შეძლებ რომ არ გიყვარდეს. ზღვის ღელვაა და თან მარტის არეულა ამინდები, ემგავსება სახეს ქალის მთის მტირალა ყვავილები. იქ მებძროლი ფოთლებს იფენს, ნატყვიარ და ნაჩეხ გულში, ივერიის ცოდვებს იწმენდს ქალის გავლილ ნაფეხურში. წინ მიმიძღვის ცხრა ძმის დედა, და ალგეთის ცხრავე მგელი, გორგასალის მაჯის ცემად ცამეტივე ასურელი. ირმის ჯოგმა იგრძნო საფრთხე რქები ზურგზე გადიყარა, მე დღეს ქართლის დედა ვნახე, და მღვიძარე ნარიყალა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი