ახალ წელს


თოვლით მოფენილო ჩემო მთა და მდელოვ,
ახალ წელს გილოცავ სრულიად საქართველოვ,
წმინდანთა სისხლით გაჟღენთილ-გაპოხილო,
ოდითგან ღალატით წელში-გატეხილო.

წელში გატეხილო, მკვდრეთით აღდგომილო,
ისევ და ისევ სისხლში  დამხობილო,
თევდორეს ლოცვით გადარჩენილო,
ლაშარის მადლით გადაფენილო.

და თუ დღეს შენში სჩქეფს ცოტნეს სისხლი,
საბა სულხანის თვალებში ნისლი,
კვლავ შრიალებდეს ჭადარი,   ვერხვი,
ალავერდს,  თელეთს მოვივლი ფეხით.

ჩოქვით მოვივლი გერგეთს და გელათს
და მოგილოცავთ ახალ წელს ყველას.
სანთლებს დავუნთებ მე გამარჯვებას,
სვეტიცხოველს და მოჭრილ მარჯვენას.

ვემთხვევი აკვანს, არა წაქცეულს,
ბაზალეთის ტბის ძირში დარწეულს
და ვაზის ფესვებს ქართულს და წმინდას,
ქარგით დაქარგულ ჩემს ნიკორწმინას.

მოვივლი თეთნულდს, მივწვდები ბეთლემს
და სიყვარულით არც კი ჩამოვთვლემ,
დავანთებ სანთელს თუნდაც მილიონს,
ჩოქვით და ლოცვით მოვივლი  სიონს,

რომ მოგილოცოთ ეს წელი გულით,
სითბოთი სავსე და სიყვარულით,
იყოს ბავშვების ჟივილ-ხივილი,
დაგბედებოდეთ მამლის ყივილი.

არ მოგკლებოდეთ უფლის წყალობა,
მაცხოვრის მადლი და მფარველობა,
ხვავი, ბარაქა და სიხარული,
კერა ქართული და სიყვარული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი