როცა შენ იძინებ..
როცა შენ იძინებ, მარჯვენა ხელს ბალიშივით თავქვეშ იდებ და კედლისკენ სახით ტრიალდები. თითქოს ვინმეს ერთ რომელიღაც წერტილში მთელი "იავნანა" მოეთავსებინოს, რომ ყოველ ღამე, ძილის წინ საკუთარ თავს შენვე უკითხო, შენვე უმღერო... გამთენიამდე გვერდს არასდროს ინაცვლებ, შემდეგ გულაღმა წვები და დინჯად მაცდი შენი წამწამის ყოველი ღერის თვლას, შენი წვერის თითოეული ხვეულის ხელისშევლებას. მე ვიცი, როდის გღვიძავს თვალებდახუჭულს და, პირიქით, გძინავს თვალებგახელილს. ერთხელაც, როცა გაიღვიძებ და პირველად, ჩვეულებივ, ჭერს ახედავ, შეამჩნევ, რომ იგი უფრო მეტად გაიბზარა. შემდეგ აუჩქარებლად მოავლებ თვალს შენი ოთახის თითოეულ ნივთს და მხოლოდ მაშინ, მხოლოდ მაშინ იგრძნობ, რომ ჩემს გარდა ყველაფერი ადგილზე დარჩა. რომ ჩემი წასვლა პატრონივით ვერ იგრძნეს ჩამქრალი ჭაღის ნათურებმა, გაბზარულმა ჭერმა, და ნახევრად შეღებულმა ფანჯარამაც კი. შენ არაფერს იტყვი, მხოლოდ გულაღმა გადაბრუნდები და, როცა ხელებს თავქვეშ ამოსადებად გაიმზადებ, შენდაუნებურად მარცხენა თვალითან მიიტან თითებს, რომ ჩამოვარდნილი ერთი ღერი წამწამი ჩამოიშორო. "-წერილი თუ სიხარული?"- მოგძახებს ბავშვობის სახლი, შენ მწარე ჩაცინებით მიუგებ "არაფერი-ო" ხოლო გულიდან კი ერთად გატარებული დღეები ამოგძახებენ; ვერცერთი, ვეღარცერთი....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი