ფიქრები ისე მიღრღნიან სხეულს..
მე ახლა მარტო, სარკმელთან ვზივარ, გარეთ კი წვიმა მიწას იმეტებს, ვით ხეებს ქარში, ფიქრები მცვივა, მზე კი ღრუბლების ნიღაბს იკეთებს. მეც ისე მაწვიმს როგორც ბალახებს, მაგრამ წასვლის კი არ შემწევს ძალა, ტკივილი სისხლს რომ ამიტალახებს, გული მიგრძნობს რომ არც მაშინ წავალ. ფიქრები ისე მიღრღნიან სხეულს, ისე რომ სულის სიმებიც მტკივა, უიმედობას, ცრემლს გადაჩვეულს, შიშისგან უკვე ორმაგად მცივა. ჩემი გრძნობები სადღაც გარბიან, ვეღარ ვეწევი, ვეღარც ვიოკებ, ქარი ახლაც არ მინდობს დარდიანს, სხეულში დაძრწის, სულს მიწიოკებს. მე ახლა მარტო, სარკმელთან ვზივარ, და მიზღაპრდება მოგონებები, ვით ხეებს ქარში, ფიქრები მცვივა, მზესაც გულგრილად შევეგებები... 28.02.2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მაგარია!