თითქმის ვერლიბრი
და, ყველა ქუჩას, ყველა მოსახვევს აქვს საკუთარი ჩიხი და კედლებს, რა გამოანგრევს, თუ კი გზას ასცდი. ქარი, რომელიც კი არ ქრის, წვეთავს რძესავით აჭრილ ღურბელთა გვერდით, სთვლემენ ღმერთები, გადმოდის ზეცა, მდუღარე. ბნელში ხელის ცეცებით.. დგას შემოდგომა.. ნაძარცვი, ძლივს და ითხრის შარშანწინ ამოთხრილ თვალებს. მუცელზე ხოხავს ყველა მდინარე, ყველა წუმპე და მთელი სამყარო ერთ დღეს ზურგზე, რომ გადატრიალდეს, ერთ ღამეს, ანდაც ერთ-ერთ საღამოს, არის სულერთი. სწორ გზაზე სცდება ყველა და მაინც, რა გამოანგრევს იმ მრუდე ქუჩას,. გაფარჩხულ ხელებს იფშვნეტავს ჭირხლი. პირი უხმებათ ტბებს და ზღვებამდე, მიუღწევლი დარჩება ნისლი.. დარბიან შიშვლად ურცხვი ბზარები, ფანჯრიდან ჭერში, ჭერიდან კარზე. დაძინებამდე, ვარსკვლავებს ვითვლი, და, ამ დათვლაშიც ვტყუვდები რამდენს.. და, კი არ მაწვიმს ან კი არ მსეტყვავს, დაგუბებული ცის პეშვში წყალი, როცა მწყურია შორიდან ვხედავ.. დაე, დაეცეს ქალაქთა შორის, ყველაზე მძლავრი, რადგანაც მიწა ითხოვს სანაცვლოს, და ფესვებს აჭრის მუხას, რომელიც იმდენად რისკავს, რომ ღრუბლებში აქვს გადგმული თურმე, ფოთლები. ურცხვად ჰკიდია ცაზე. სიშორე მეტად ახლოა როცა, და, აცდენილი სწორ გზას ნაბიჯი. სხვა - არაფერი, ღმერთმა იცოდეს, ახლოს მისვლისას, როგორ დავცილდი ჩემს თავს. ნაკაწრებს აწებებს წვიმა, ასფალტს, ანგრეულ, ძლივსღა თავპირზე.. ის - ყოველივე რაც ვეღარ ითქვა, რაც შეეყინა ტბათა ნაპირებს. ის - ყველაფერი იცოდეს ვიღამ, რაც ართქმისათვის ერთხმად გავწირეთ!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი