** (წვიმაში ალესილი კიბეები ..)


ღმერთები ფიქრობენ მიწაზე, 
როგორც სამოთხეზე,
რომელიც დაკარგეს..
....
წვიმაში ალესილი კიბეები, 
კარები შიგნიდან ჩარაზე
და ვიდრე , სხვა რამეს მოიგონებ,
ეცადე როგორმე გადარჩე..
ზღაპრებად გვიკითხავდნენ დანარჩენზე,
არც ფერი გასდიოდათ ყვავილებს.
ხიდიდან მდინარეს გავხედე და,
ტალღებმა ქვასავით გამრიყეს..
მე არა, ამინდები იცვლებიან
არ ჰგვანან ხეები აფიშებს,
ქარში, რომ შუა გზაზე დარბიან და
 ქუჩაში ბავშვივით წაიქცნენ..
მძივებად ებმებიან ვერცხლის ძაფზე,
უთქმელად დაკარგული სიტყვები.
სათქმელად ვერცერთი ვიკადრე და
სიჩუმის პოემებს გიყვები
ღმერთებზე, რომლებიც დაიკარგნენ.
აქამდე დაქცეულ ქვეყანას,
ისინი ვერასდროს გაკიცხავენ,
ვინც იგი თავადვე შეცვალა.
ამიტომ წამოვედი მშრალი გზებით,
და წერაც ამიტომ დავიწყე.
სანამდე სიცოცხლით დავიღლები,
ვიდრემდე მინდა, რომ აქ ვიყვე.
შენ, თუ კი პირდაპირ დამიდგები,
ჩავთვლი, რომ ღმერთები ვიპოვე.
რაც გინდა, ვინა თქვა მოგეცესო,
ოღონდაც, ოღონდაც ითხოვე..
და ვითხოვ, კი არა ვიხვეწები
ჰაერს.. და არ მყოფნის სიმაღლე
ზეცამდე. შორია სიღრმეები,
შორსაა აქედან სინათლე
მზეების..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი