არმომხდარი ამბების სერიიდან. წერილი მეორე


მდინარეში ჩაწყობილი კალმახები, დამესიზმრა. მიფრინავდნენ როგორმე.
ერთ სიცოცხლეს ეყოფოდა რაც მეღვიძა,
აქამდე და შემოდგომის ბოლოსკენ,
მე ვიფიქრე ჩამოცვივდნენ ვარსკვლავები,
პირველად, რომ ითოვა და შენს თითებს
აუვიდათ უმწიფარი ლეღვის სუნი.
და მეორედ, უფრო ცხადად შევნიშნე,
რომ არ იყო ამას იქით სხვა საშველი,
კლდეებიდან გადაცვივდნენ ირმები, 
სანამ შენ წინ ვიდექი და მეგონა, რომ
მე მეგონა, ვითომ შენ წინ ვიდექი.
მწველი ქარი თმებს იშლიდა ქუჩაში და
წირვა იყო შუაღამის სიონთან.
არ მინდოდა დატოვება შენი, მაგრამ
შენთან ერთად ყოფნა სულ არ მინდოდა.

წამოვედი.

ცხრა მთა,
ცხრა ზღვა, 
ცხრა გზა 
გადავიარე.

არც უდაბნოს წყალი მისვამს, არც ღრუბლებზე ვწოლილვარ,
საბნად მაქვნდა მთვარის ჩრდილი,
საგებელად ხავსები.
ყველა ისე დამემგზავრა, ვინც ყოფილა მოცლილად - 
მჯდომი სახლის ზღურბლამდე და მერე ერთად გავყევით,
გადახლართულ ბილიკებზე, ნაბიჯების სიშორეს,
დამავიწყდა მოხედება უკან, როგორც წესია.
ამერია წელთაღრიცხვა, ჩვენამდე თუ ჩვენს შემდეგ
და, ხმაშიც კი რაღაცნაირ ღველფად გამომერია -

მესტისმეტი სურვილი დიდებულთა ქალაქებს
გაწვდენილ ხელს ვხვევდე და წვრილი წელით მეჭიროს,
მეფის ქალი კანთეთრა, თვალჭრელი და მაღლა მზემ,
დედამიწას ქალამნად, რომ ჩავიცვამ, შემნიშნოს.
ჯერ ზღაპრებად დავწერდი, რანაირად ვიომე
დევებთან და სიცოცხლე, როგორ არად მიღირდა.
ოღონდ სხვა დროს სიკვდილზე, არ მკითხონ და იცოდნენ
ყველაზე მეტს ვიტანდი, ყველას ჭირი მიჭირდა.
და ზურგს უკან მჭორავდა, დედაკაცი აშარი, 
მწვავდა ლოყის შუაგულს, იმის ენის სიბასრე.
ვიჯერებდი ნამცეცებს, უსამართლო სამართლის
და ჩემივე ფრჩხილებით ვიხოკავდი
ჯინაზე
შერცხვენილ თავს. 
მიეზღოთ ამინდებსაც სანაცვლო,
ვიდრე ასე შორს ვარ და ასე ძლიერ მწყურია, 
ვიდგე თოვლში მუხლამდე, ყოველ დილა-საღამოს
და მჯეროდეს, რომ სადღაც შენც დგახარ.. 
და უცდი.. და
არ მოდიან ჭინკები, წვიმისა და ნისლებმა, 
შემოგხვიეს მკლავებზე კვამლიანი ხელები.
მე იმდენად მაკლია უნაპირო ზღვები და
ჩემი თავი მაკლია, პირველ რიგში,
შემდეგში,
უთქმელობა რარიგად.
რომ იცოდე, უბრალოდ,
მოვედი და ვერცერთხელ, ვერავისთან შემნიშნე.
დავვარდნილვარ ქადაგად, მაგრამ ისე უაზროდ, 
ორი სიტყვაც არ მითქვამს, მწყობრადა და ზედიზედ..
გადიოდნენ ამბები..
როგორც დღე დღეს მისდევდა,
მივდიოდი მე როცა, უხმოთა და შერჩევით.
არაფერი ისეთი, სადღაც ძაღლი მიყეფდა, 
როცა თოვდა შენთან და, 
არ ვიდექი შენ გვერდით..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი