ლურჯი ქარები
ქრის.. ქარი არა.. ქუჩების გასწვრივ გარბიან დღეები და ჰგვანან ბებერ მათხოვრებს, ხეები.. წვიმს.. წვიმა არა.. სიჩუმე სახლში ჭერიდან ჩამოდის. მეზობელივით მოდის და კიბის საფეხურს გადმოდის, ხმა.. ხმა კი არა, ყვირილი, როგორც ქვაბიდან ცხელი რძე. იწვა მშიერი კაცი და იდგნენ სხვები და ეს კიდევ, იწვა და ვითომ იყო და თითქოს არ იყვნენ ღმერთები.. და აბრალებდნენ ერთმანეთს, წყლის ნაყვას, ვიდრე - ესენი მოკვდნენ ზღვის პირას, ქვიშაში წითელმუცლება თევზები.. კენკავდნენ ხელისგულიდან პურს, ვერცხლისფერი მტრედები და მე თითებში მრჩებოდა სისხლის უზომო სიმლაშე, ნაწიწკნი ხორცის სუნი და აქამდე თეთრი ხელები.. როცა, შემოვხვდი ქარიშხალს. ღრუბლების უნდო სისავსეს. ვეღარ ვიკადრე წამოსვლა, დავრჩი და ციდან მიწაზე მზე უხმაუროდ ჩამოწყდა.. ვწერდი და მერე ვშლიდი და ყოველ დღე ვყრიდი პოემებს. იზმორებოდა ჰორიზონტს იქით ნამყოფი ქვეყანა, იხლიჩებოდა შუაზე მთვარე და სადღაც ატმები მხოლოდ ცალ გვერდზე ეყარა, სანამ იმაზე დავწერდი, რომ არაფერი გამეგო, რომ არაფერი მენახა.. ძრწოდა აგვისტოს ხორშაკი, კუთხეს ჩამოჰყვა სურო და ოთახში ფესვებს იწვდიდა, ფანჯრების აქეთ უნდოდა. კედლებში ჩასხდნენ ბზარები, სახსრებში სტეხდათ სიცივე. და, შემოდგომის ლოდინში, და, ფოთოლცვენის ლოდინში, ღამეში ორჯერ ვიძინებ. მე აღარ მახსოვს სიმშვიდეს რა ფერი ჰქონდა, როდესაც იყვნენ უთოვლო მთები და ჯერ არმომხდარი ამბები. ისხდნენ აივნის კიდესთან, ჩემი ბავშვობის დღეები, ყვითელი ხელთათმანი და მოლურჯო იასამნები ეზოს კუთხეში ეყარა.. აწვიმდათ ტბების ნაპირებს, მერე ვენახებს სეტყვავდა.. ვიდრე დავწერდი იმაზე, რომ არაფერი მენახა და ვერაფერი გავიგე.. და, რომ მოვშორდი ქვეყანას და ჩემი თავი წავიღე.. იქ სადაც ისევ ელაგა, ყვითელი ხელთათმანები და ლურჯისფერი სიშორე ჩანდა და იდგნენ ზღვებს გაღმა ჩემი სიმშვიდის დღეები..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი