არმომხდარი ამბების სერიიდან. წერილი პირველი.


ზღვის ნაპირთა სიჩუმეს, მეთევზეთა იალქანს,
მარილის სუნს აიკრავს, ალბათ თმა და თითების
ამნაირი ზმანება მე ჯერ არსად მინახავს..
ამნაირი ფიქრებით სხვაგან ვერსად ვივსები.
ქვიშის ტალღებს შევბედო - სარკოფაგად მექცევა,
შუბის ტარზე ასული მთვარის რკინის სხივები.
წითელ იასამნებთან მოგიყვები როდისმე
რანაირად ყოველ წუთს ვმთავრდები და ვიწყები.
ყვავილების ვენახებს გავაშენებ სხვა მხარეს.
მანდარინის ნაყოფში მზე მუხლამდე ჩადგება.
იმ სიზმრებზე მითხარი, რომ ვერასდროს ვერ ნახე
და გგონია ყოველჯერ, ერთნაირად მთავრდება.. 
აალებულ ველებზე ჩამოემხო პირქვე ცა.
შმორის სუნი მოჰყვებათ, განთიადის ნაბიჯებს.
მეჩვენება სამყარო მეტისმეტად პატარა
და
კივილის მაგივრად, გაჩუმებით ვაშინებ..
არშემდგარი საღამო. დაკიდული ტბები და
ფეხარეულ ვარსკვლავებს ჯამში ყრიდა ვიღაცა.
რასაც ვწერდი არასდროს, მინახავს და ვიგონებ,
ვიგონებ და ტყუილებს ვთლი და ჭერში ვინახავ..
მე ამ გზებზე უცხო ვარ, 
ისე როგორც არავინ.
ცოტა უფრო ახლოს და კიდევ უფრო მეტად შორს
წაიქცევა სიცხისგან გულწასული ქალაქი
და 
მანამდე ვერხვების ჩრდილში იქნებ შეასწროს,
ადუღებულ ზაფხულებს. მზეზე ქვები ეყარა,
და დნებოდა შიშისგან ჭაობებში ტალახი.
არ ვიცოდი სიცოცხლე როგორ უნდა მემართა
და ამიტომ, 
ამგვარად,
დროზე ადრე დავმთავრდი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი