ქარვის საღამოები


ჩვენ - არასოდეს.. 
ქარი იყო ისე შეშლილი,
ფეხის წვერებზე აწეული იდგა ფანჯრებთან,
როგორც ოთახში დატოვილი სინათლე ღამით,
ენთო და მაინც, არცერთ კუთხეს არ გვინათებდა..

რამდენი სიტყვა დაგვჭირდება განსამარტავად..
რომელი ღმერთი დაგვიდგება თავდებად ასე,
როცა გავდივართ სახლებიდან წესის თანახმად
და არასწორი ქუჩებიდან, არასწორ გზაზე

ვდგავართ.. მესამე ღამე დარჩათ სიზმრებს მშიერი.
დღეს შეგვიძლია გვეძინოს და თვალს არ ვხუჭავდეთ.
როგორც ზღვა კოვზით იცლებოდა, ისე ვიცლები 
და მეჩვენება, რომ სადღაცას დავაგვიანებ..

მზე ჩამოჰკიდეს, პალტოსავით, კედლის ლურსმანზე,
როცა გვეღვიძა.. ჩვენი არა, სხვების ქალაქთან,
იწვა ძაღლივით აშვებული ავი სიბნელე
და ეს სიბნელე, სხვა ღამეებს ისე არ ჰგავდა,

როგორც ცა - მიწას.. თაფლის სუნი ჰქონდათ სიზმრებსაც.
ვარსკვლავებს ფეხქვეშ გამოცლილი ზეცა სწყდებოდათ.
და, არაფერი არ ყოფილა აქამდე ისე, 
როგორც ვიცოდი, მინდოდა და როგორც მჯეროდა..

ათასწელს ითვლის გაფენილი თოკზე სარეცხი.
ორიათასწელს - ჩამოსული ნისლი მიწაზე.
და, უვადოა მოთმინება უკანასკნელი.
და, დაუთვლელი უდაბონში ქვიშის სიმრავლე..

სად იწყებოდნენ ქარვისფერი საღამოები?!
სად მთავრდებოდა შევერცხლილი მთების სიმაღლე?! 
ჩვენ ყოველ ჯერზე სამყაროსთან პირისპირ ვრჩებით
და ვემსგავსებით ღმერთს, რომელიც გადაიყვარეს!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი