ლექსი უღმერთობისა


ღამე. ვარსკვლავთცვენა. ხელები
თვალებზე. მეცხრე ცა შორია.
როდემდე ითმინონ სიჩუმე 
ფოთლებმა. ზღვები და როდიდან
მოგყვები. წლების წინ. გუშინ და
 გუშინწინ. აქამდე. მის შემდეგ.
პირველი ცრემლივით მოვწყდები,
ქალაქებს. სამყაროს. სივრცეებს.
შეხებით. ხმითა და სუნთქვაში
გარეულ აქა-იქ ღიმილებს.
ყიდიდნენ სახლებთან, ქუჩაში
ყვავილებს. და ხურდის სიმძიმეს
მუჭაში გაჰქონდა ზრიალი...
დამწიფდნენ ატმები. ვარდისფრად,
ყვითლად და შინდისფრად. ტკბილია
ფიქრები. სურვილი. შიში და
გადახტნენ ფანჯრები სიზმრიდან.
საღამო. სიგრილე, სითბო და 
სხვა მხარეს წასული წვიმები.
დღეს ბოლო ზაფხული გავიდა,
ან პირველ ზამთარზე გიყვები.
სადმე. გზა. მთვარემდე. შენამდე.
დახუჭე თვალები. მარტივად.
არ მინდა მესმოდეს, ვხედავდე.
ვცოცხლობდე ასეთად, არ მინდა.
თოვლია. ღრუბლები. ივლისი.
რანაირ ამინდებს ვიგონებ.
ერთ დროს. და თმებია გაშლილი
ჰაერში, წაბლისფრად კიოდნენ.
ღამეებს ათენებს არავინ.
ჩრდილებთან კაცივით ვიომე.
ხელები მაჩვენე. ათასგზის
ნაგვემი სული და გიცნობდე.
მიმიშვი ტალღებთან. ჩაძირვა.
ადვილი კი არა, საძნელო.
ნაპირი. ნავები. გაფრინდა
თოლია. ოცნება საჩემო.
იები. გვირილის სიმართლეს,
ვიფიცებ. გჯეროდეს. ვჩუმდები.
დილაა და ვეღარ ინათებს,
მზეები ჩაცვივდნენ გუბეში,
შემთხვევით. შეცდომაც სწორია.
წყლის ნაყვას მაგონებს, ლოდინი.
და თუ შენ საცრით ზღვას მომიტან.
მილიონ სიცოცხლეს მოგიცდი.
წვიმები. მზეები. ვარსკვლავთა
სინათლეს ვიგუბებ მუჭაში.
თენდება. არ ხარ და აღარ ვარ.
და აღარც ღმერთია. უთხარი,

მინდა, რომ იცოდეს!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი